რაულ ხაჯიმბა: აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და სხვა ქვეყნის შემადგენლობაში შესვლას არ გეგმავს
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ რუსეთის ფედერაციასა და იმ ქვეყნებს, რომლებიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ, მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, აფხაზეთი მზადაა მათთან, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, ისე ითანამშრომლოს. ხაჯიმბას განცხადებით, აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო და კვლავ ასეთი დარჩება. მისივე თქმით, ე.წ. რესპუბლიკა სხვა ქვეყნის შემადგენლობაში შესვლას არ გეგმავს. ამის შესახებ რაულ ხაჯიმბამ მოსკოვში აფხაზურ დიასპორასთან შეხვედრისას განაცხადა. „აფხაზეთი იყო და იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო. არავინ არავის შემადგენლობაში შესვლას არ აპირებს. ამას კიდევ ერთხელ მტკიცედ და ღიად ვაცხადებ. ჩვენ ჩვენს ხალხს არ დავაყენებთ იმ ფაქტის წინაშე, რომ სახელმწიფომ მოულოდნელად დამოუკიდებლად არსებობა შეწყვიტოს“, – განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.