მაია ფანჯიკიძე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. მაია ფანჯიკიძემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებულ ადამიანის უფლებათა 2014-2020 წლის სტრატეგიაზე გაამახვილა ყურადღება, რომლის სამოქმედო გეგმაც განსახილველად პარლამენტს უკვე წარედგინა. მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ სტარტეგიაზე სამოქმედო გეგმის შემუშავება ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობდა. მინისტრის თქმით, მასში ყველა დაინტერესებული მხარე მონაწილეობდა და უწყებათშორისმა საბჭომ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტები და პრინციპები გაითვალისწინა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ბავშვთა და ქალთა უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში არსებულ ვითარებასა და მთავრობის გეგმებზე.
“ჩვენ მტკიცედ მივყვებით კანონის უზენაესობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული სახელმწიფოს შენების გზას. მთავრობა, რომელიც სრულად აცნობიერებს თავისი მოქალაქეების წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს, მზადაა მიმდინარე რეფორმების მიმართ ღია და სისტემური მიდგომების დანერგვისთვის, რაც საერთაშორისო თანამეგობრობასთან აქტიურ თანამშრომლობასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ითვალისწინებს”, – განაცხადა მინისტრმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. ისაუბრა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გაბმისა და მიწაყრილების მოწყობის პროცესზე, რამაც მნიშვნელოვნად გააუარესა ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა მდგომარეობა.
მინისტრის განცხადებით: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურ ჩართულობას და რეაგირებას საჭიროებს. საერთაშორისო თანამეგობრობაში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებულ ვითარებაზე საუბრისას, მინისტრმა აღნიშნა ხელისუფლების გადაწყვეტილება, საქართველომ მონაწილეობა მიიღოს აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიაში. ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებში მონაწილეობას იღებენ მთავრობის მეთაურები და საგარეო საქმეთა მინისტრები. ეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი გამოსვლა.