საქართველოს მთავრობა მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის ოჯახს საცხოვრებელ ბინას შეუძენს. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა ბექა მარგიშვილის ოჯახს და აღნიშნა, რომ მათ განსაკუთრებული პატრონობა სჭირდებათ. მთავრობის მეთაური შინაგან საქმეთა მინისტრისგან დაინტერესდა, როდის გეგმავს უწყება დაღუპული სამართალდამცველის შვილისთვის ბინის შეძენას.
„კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატო მწუხარება დაღუპული პოლიციელის გამო და მის ოჯახს მივუსამძიმრო. მართლაც, სჭირდება მას პატრონობა. ამიტომ კარგია, რომ ჩვენ ოჯახს ბინას შევუძნეთ”, – აღნიშნა პრემიერმა. ამასთან, შს მინისტრის თქმით, ამ მხრივ ყველაფერი მოგვარდება. “ამ საკითხზე ვმუშაობთ. ხვალ დაღუპული პოლიციელის დაკრძალვაა და დაკრძალვის შემდეგ ყველაფერი მოგვარდება”, – აღნიშნა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პრემიერის შეკითხვაზე საპასუხოდ.