„ცირკი საოცრებების სამყაროა…“

„სკოლას რომ ვამთავრებდი, ვფიქრობდი, ისეთი პროფესია ამერჩია, რომელიც სიამოვნებასაც მომანიჭებდა, საინტერესო იქნებოდა ჩემთვის და თან ამ მიმართულებით ვიმუშავებდი. ვთვლი რომ ჟურნალისტის პროფესია ძალიან საინტერესოა თუ საჭირო კუთხით წარმართავ შენს ინტერესებს და საქმიანობას. ამასთან შეგიძლია ნებისმიერ თემას შეეხო…“ – ჟურნალისტი ანი ნიქაბაძე.

– დაამთავრე ტელერადიო ინსტიტუტი…11104212_833497206699333_812043494_n
– დიახ და ორი წელი ტელეკომპანია TV3-ში, კულტურის განყოფილების მიმართულებით ვმუშაობდი. სამწუხაროდ, გადაცემა დაიხურა და წამოვედი.
მე ვთვლი, რომ კარგ ჟურნალისტს, პირველ რიგში, უნდა შეეძლოს ინფორმაციის სწორად მოძიება, დამუშავება და სწორად გადაცემა. ინფორმაცია არ უნდა იყოს მიკერძოებული და უნდა ხდებოდეს ფართო მასებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება. მაგალითად, განათლების კუთხით. ამ თემაზე ბევრი გადაცემა უნდა იყოს, რადგან დღეს ყველას ეზარება კითხვა და ტელევიზია ვიზუალურად გვაძლევს ინფორმაციის მიღების საშუალებას. საინტერესო იქნება, თუ კარგად გაკეთდება.
– კომპანია „ინოვატორი“…
– ახლა ვმუშაობ კომპანია „ინოვატორში“, მარკეტინგ-მენეჯერის ასისტენტი ვარ. ეს არის კომპანია, რომელიც სისტემური ინტეგრატორია კავკასიაში. ტელევიზიასთან ისევ ახლოს ვარ. უხეშად რომ ვთქვა: „ვაშენებთ ტელევიზიებს“. ეს არის სამაუწყებლო ტექნიკის დისტრიბუცია, სისტემური ინტეგრაცია, საგარანტიო და პოსტსაგარანტიო მომსახურეობა. მაგალითად, კომპანიამ კავკასიის რეგიონში სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლებისათვის არაერთი პროექტი  განახორციელა.

– ფოტოგრაფია…11106391_833497216699332_812953163_o
– ფოტოგრაფიით სამოყვარულო დონეზე ვარ გატაცებული, თუმცა სხვადსხვა კომპანიაში ფოტოგრაფად ვმუშაობდი. საერთოდ, ლექციებზე ყოფნა მიყვარდა, არასდროს ვაცდენდი, საოპერატორო ხელოვნების ლექციებზე კი უფრო ხშირად ვიყავი. ძალიან მომწონდა და მინდოდა ოპერატორობა, მაგრამ შტატივი რომ გაშალეს, ჩემზე ბევრად მაღალი იყო. ფოტოს ვიზუალური მხარე მომწონს და სიამოვნებას მანიჭებს, როცა კარგ ფოტოს ვიღებ. მიყვარს პორტრეტების და ცხოველების გადაღება.
– როგორც ვიცი, ხატავ…
– ბავშვობიდან მიყვარს ხატვა, მაგრამ რატომღაც იშვიათად ვხატავ. ბოლო ნახატები, ძირითადად, პორტრეტებია, რომელთა მსგავსი ადამიანები ხშირად მხვდებიან ქუჩაში.
წინასწარ არ ვფიქრობ, რა უნდა დავხატო. უცბად, შეიძლება მომინდეს დახატვა და ჩემთვის ჩუმად ვხატავ.
– ცირკი…
– სტუდენტობის პერიოდში სამსახურს ვეძებდი და გადავაწყდი ვაკანსიას ცირკში კაპელდინერის პოზიციაზე. მივედი გასაუბრებაზე და ამიყვანეს. ჩემი მოვალეობა არის დარბაზში ხალხის მიღება, საკუთარ ადგილზე დასმა, შემდეგ ხედვითი და სმენითი კონტროლი, რომ ბავშვი დარბაზში არ ჩავიდეს წარმოდგენის მსვლელობის დროს და რამე არ მოხდეს.11130633_833497196699334_1366812184_n
3-4 წელია უკვე ცირკში ვმუშაობ. როგორც თეატრმა, ცირკმაც შეჩვევა იცის. ყოველთვის ვცდილობ, გამოვნახო დრო და შევუთავსო სხვა სამსახურს. ხუმრობა-ხუმრობაში ძალიან შემიყვარდა. თვითონ სანახაობა არის საინტერესო. როდესაც საცირკო დასი ჩამოდის, დიდი ზეიმია და, ფაქტობრივად, ცირკი ცოცხლდება. ახლაც ერთი სული მაქვს, როდის იქნება პირველი წარმოდგენა. სამწუხაროა, რომ საქართველოში საცირკო სასწავლებელი არ გვაქვს. ისე შემიყვარდა, რომ იყოს, აუცილებლად ვისწავლიდი და დასის წევრი ვიქნებოდი.
– თუმცა ძალიან რთულია…
– რა თქმა უნდა, საყურებლად არის ძალიან მარტივი, მაგრამ თითოეული ნომერი ძალიან რთულია და დიდხანს მუშავდება. გარდა ამისა, მსახიობები საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ. თითოეული მსახიობი ძალიან დიდ შრომას დებს და რისკავს. ძირითადად, ცირკის მსახიობები ყოფილი სპორტსმენები არიან, მაგრამ ძალიან სპეციფიკური და რთულია. ეს არ არის მხოლოდ აკრობატიკა და მხოლოდ ჯამბაზის ნომერი, უფრო დიდი სანახაობაა, რომელსაც დაფასება უნდა.
რთულია კიდევ იმ მხრივ, რომ ძალიან ხმაურია და ყოველ წარმოდგენაზე ვნერვიულობთ, რომ ბავშვები არ დაიკარგონ. მართალია, ჩვენ გუნდური მუშაობის პრინციპი კარგად ავითვისეთ და დაცვის თანამშრომლებიც კარგად მუშაობენ, მაგრამ განცდები მაინც გვაქვს.
– შენთვის ყველაზე ეფექტური წარმოდგენა რომელი იყო?11117862_833497220032665_277914670_n
– ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოჯირითეების გუნდმა მოახდინა, რომლებიც სამხრეთ ოსეთიდან იყვნენ. გუნდს „ალანია“ ერქვა და ცეკვაში ქართული ელემენტები ჰქონდათ შეტანილი. ხალხს ეგონა, რომ ქართული ჯგუფი იყო. ბოლოს მხედარი საქართველოს დროშით გამოვიდა. ასეთი ტაში მე ცირკში არ მახსოვს, კედლებიც კი ზანზარებდა.
– ზოგადად, რა გასწავლა ცირკში მუშაობამ?
– თანადგომა და გუნდური მუშაობა. ყოფილა შემთხვევა, როცა ორი ადამიანის საქმე გაგვიკეთებია. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ წარმოდგენა არ ჩავარდეს. სხვა ადგილებზე რომ მიმუშავია, იქ იტყოდნენ, ეს ჩემი საქმე არ არის, მე არ მეხებაო. ცირკში ამას არავინ იტყვის, ბევრად უფრო შეკრული კოლექტივია.
ხშირად, მაყურებელი რომ შემოდის, ჯამბაზზე ამბობს „რიჟიკა“, ამ დროს ის ეგრეთ წოდებული „რიჟიკა“ იმდენად განათლებული და ინტელიგენტია, გრიმის გარეშე იმდენად სხვანაირად გამოიყურება, ქუჩაში რომ შეგხვდეს, გაგიკვირდება. ვისწავლე ყველა პროფესიის დაფასება. უკვირთ, როცა ვამბობ, ცირკში ვმუშაობ-მეთქი. ცირკი ჩვეულებრივი სამსახურია და იქ მომუშავე ნი, ჩვეულებრივი ადამიანები არიან.
ცირკს რომ საკუთარი დასი ჰყავდეს, იყოს სტაბილური სამსახური ,ჩემთვის დიდი სიამოვნება იქნებოდა, რადგან ყოველი ახალი წარმოდგენა ახალი სიხარულია.
გარკვეული ჩვევებიც კი ავიღე. წარმოდგენის მიმდინარეობის დროს ჩვენ ვუყურებთ დარბაზში მსხდომ ხალხს, რადგან არ შეიძლება ფოტოს და ვიდეოს გადაღება, თამბაქოს მოწევა. ცირკში პირველი სეზონი რომ დამთავრდა, მეგობრები თეატრში წავედით და ჩემს თავს რამდენჯერმე ვუთხარი, ანი, სცენას უყურე-მეთქი. ვუყურებდი დარბაზს, რომ ვინმეს ფოტო არ გადაეღო. წარმოდგენის დასრულების შემდეგ, ჩვენ სკამებს ვაწესრიგებთ, ერთხელ, თეატრში მთელი რიგის სკამები ავწიე და მერე მივხვდი, რომ იქ არ უნდა მემუშავა და მაყურებელი ვარ.
გარდა ამისა, ჩვენი ცირკის შენობა ნებისმიერ საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს. როგორც ვიცი, ყველა ქვეყანას არ აქვს ასეთი შენობა.
– ყველაზე საინტერესო კულისებშია…11130689_833502606698793_2088808712_n
– უფრო კურიოზებია. ცირკის კულისებს ჯიბეებს ვუწოდებთ. საინტერესოა ტრადიციები, რომლებიც მსახიობებს აქვთ. ცირკის სცენას მანეჟი ჰქვია და შესვენების დროს ზურგით დაჯდომა არ შეიძლება. სამწუხაროდ, ამას მაყურებელს ვერ ვაგებინებთ. ცრუ რწმენა აქვთ ასეთი მსახიობებს, თუ ვინმე ზურგით დაჯდება, აუცილებლად ცუდი რამ მოხდება. ეს იმდენად სწამთ, რომ შეიძლება მსახიობი სცენაზე აღარ გამოვიდეს.
– ჟურნალისტიკაში არ აპირებ დაბრუნებას?
– არ ვიცი. სურვილი გამიჩნდა, ცირკში გადმოვიტანო ჟურნალისტიკა. პროექტების განხორციელება მინდა, მაგრამ ფინანსებთან არის დაკავშირებული.
– მინდა, რომ…
– ვისურვებდი, ქართული საცირკო დასი არსებობდეს. როგორც ძველი თანამშრომლები ამბობენ, კარგი და განსხვავებული დასი იყო.

მზევინარ ხუციშვილი

11022937_833497210032666_1282573978_n

11099635_833497213365999_1115778364_n

11103860_833497223365998_280337417_n

11106478_833497203366000_34682105_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები