საქართველოში ახალი სანომრე ნიშნები მიმოქცევაში შემოდგომიდან შემოვა
საქართველოში ახალი სანომრე ნიშნები მიმოქცევაში შემოდგომიდან შემოვა – ამის შესახებ პორტალ “კვირას“ შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ოთარ დანელიამ განუცხადა. მომსახურების სააგენტოს დირექტორის თქმით, ახალი სანომრე ნიშნების დიზაინი და ფორმა ევროსტანდარტებთან მაქსიმალურად მიახლოებულია.
“გრძელვადიან პერსპექტივაში გავთვალეთ და ახალი სანომრე ნიშნების დიზაინი მაქსიმალურად მივაახლოვეთ ევროსტანდარტებს. ძველი სანომრე ნიშნების ახლით შეცვლა სავალდებულო არაა. ყველა ძველი სანომრე ნიშნის მოქმედების ვადა 2030 წლამდე იქნება. სხვადასხვა ტიპის სანომრე ნიშნების არსებული ფასი ახალ სანომრე ნიშნებზეც გავრცელდება. ძველი სანომრე ნიშნების ახლით შეცვლა სავალდებულო არ იქნება მათთვის, ვისაც ფასიანი სანომრე ნიშნები აქვთ აღებული, შსს-ს მომსახურების სააგენტო ძველ სანომრე ნიშანს იმავეფასიან ახალ სანომრე ნიშანში გადაცვლას დამატებითი გადასახადების გარეშე სთავაზობს. ვთქვათ ავტომობილის მფლობელს 200-ლარიანი ნომერი აქვს, მას შეეძლება იმავე ფასიან ახალ ნომერში გაცვალოს ძველი ნომერი“,- განუცხადა “კვირას“ ოთარ დანელიამ. მისივე თქმით, ახალი სანომრე ნიშნის მარცხენა ზედა კუთხეში საქართველოს სახელმწიფო დროშა, ხოლო მარჯვენა ქვედა კუთხეში ქვეყნის საიდენტიფიკაციო კოდი (GE) იქნება გამოსახული. შეიცვლება ციფრებისა და ლათინური სიმბოლოების წყობაც: მარჯვნივ და მარცხნივ განთავსებულ წყვილ ციფრებს შორის სამი ლათინური სიმბოლო იქნება განლაგებული.
“სანომრე ნიშნის დაცულობის მიზნით, ახალ სანომრე ნიშნებს ექნება ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამა – სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. ასევე გამოყენებული იქნება ევროსტანდარდების შესაბამისი სხვა დამცავი მექანიზმები“,-აღნიშნა დანელიამ. საქართველოს ავტოპარკის მოთხოვნების გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და იაპონიიდან იმპორტირებული ავტომობილებისთვის მომხმარებელს საშუალება ექნება, აიღოს და ავტომობილზე განათავსოს შესაბამისი ზომის კვადრატული სანომრე ნიშნები. ცვლილებები შეეხება მისაბმელ სატრანსპორტო საშუალებებსაც. სანომრე ნიშნების ამოწურვის მიზეზით, ნომერში დაემატება ერთი სიმბოლო და შეიცვლება მათი დიზაინიც. მომსახურების სააგენტო განახლებული დიზაინის სანომრე ნიშნების დამზადება-შესყიდვის მიზნით საერთაშორისო ტენდერს გამოაცხადებს. მასში მონაწილეობა შეუძლიათ როგორ ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებს.