პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ „ხელშეკრულებას“ გმობს

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულების თაობაზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პოლონეთი არ აღიარებს მას და საერთაშორისო სამართლის პრინციპების გათვალისწინებით, არაკანონიერად მიიჩნევს.
“აღნიშნული ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება, ისევე როგორც რუსეთსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის 2014 წლის 24 თებერვალს გაფორმებული ე.წ. „სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის შესახებ ხელშეკრულება“, არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას; 2008 წლის 12 აგვისტოს სარკოზისა და მედვედევის ექვსპუნქტიანი შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს და 2008 წლის 8 სექტემბრის სამპუნქტიან შეთანხმებას; იგი, ასევე, ძირს უთხრის ჟენევის მოლაპარაკებებსა და აბაშიძე-კარასინის ქართულ-რუსულ დიალოგს. ასევე, შემაშფოთებელია ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში 2015 წლის 5 მარტს რუსეთის ჯარების მიერ დაწყებული ფართომასშტაბიანი წვრთნების შესახებ. მოუწოდებთ ჟენევის პროცესის გაგრძელებისკენ, რომლის 31-ე რაუნდი აღნიშნული “ხელშეკრულების“ მოსკოვში ხელმოწერის დღეს გაიმართა, ასევე, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებული სხვა საზღვრების დაურღვევლობის პატივისცემისკენ“,-ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები