„ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ხელშეკრულების გაფორმება გაცილებით მძიმე გამოწვევაა“
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან რუსეთის მხრიდან ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება აფხაზეთის მსგავის ტიპის ხელშეკრულებისაგან განსხვავდება.
როგორც დღეს მაისაიამ „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, ამ ხელშეკრულებაში საუბარია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჩრდილო ოსეთთან შეერთებაზე და ერთიანი პოლიტიკური სუბიექტის შექმნაზე.
მისივე თქმით, ამის ინდიკაციის საფუძველს იძლევა ის, რომ ე.წ. სამხრეთო ოსეთის უშიშროების სამსახური, ე.წ. საბაჟო სამსახური და ე.წ. სასაზღვრო ჯარები რუსეთის ფედერაციის ფედერალური სამსახურის პირდაპირ დაქვემდებარებაში უკვე ოფიციალურად გადადიან და მისი სტრუქტუტული ერთეულები ხდებიან.
„ისევე როგორც შეიძლება, გაუქმდეს კიდეც თვითგამოცხადებული დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობაც და მოხდება ერთიან პოლიტიკურ სივრცეში შერწყმა. აქ საუბარია ანექსიის დაწყებაზე, რაც გაცილებით სერიოზული გამოწვევაა. ამ შემთხვევაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ხელშეკრულების გაფორმება გაცილებით მძიმე გამოწვევაა. აქ პირდაპირ საუბარია საქართველოს ტერიტორიის ანექსიაზე. იმ ფონზე, როდესაც გრძელდება მცოცავი ოკუპაცია, შესაბამისად, აქვე დადგება საკითხი, თუ როგორ განსაზღვრავენ ამ ერთიანი სუბიექტის სასაზღვრო ტერიტორიას. ამ კონტექსტთან მიმართებაში შეიძლება თრუსოს ხეობის პრობლემაც წამოიჭრას, რაზეც რამდენიმე ექსპერტი ამახვილებს ყურადღებას. როგორც ჩანს, ამ გეგმის რეალიზება დღეიდან უკვე იწყება“, – აღნიშნა მაისაიამ.
რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებას ხელი დღეს უნდა მოეწეროს. ე.წ. შეთანხმებას ხელს მოაწერენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი ლეონიდ თიბილოვი.
ე.წ. „ხელშეკრულების“ პროექტი ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის სრულ ინტეგრაციას ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციაში. ასევე, ე.წ. „ხელშეკრულების” პროექტის თანახმად, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის თავდაცვისა და ძალოვანი სტურუქტურები უნდა გაერთიანდეს.
შეთანხმება 25 წლის ვადით, შემდგომ პერიოდებში მისი გაგრძელების შესაძლებლობით ფორმდება.
მსგავსი ხელშეკრულება დე ფაქტო აფხაზეთთან რუსეთმა გასული წლის ნოემბერში გააფორმა.