ფედერიკა მოგერინი რუსეთსა და ცხინვალს შორის ე.წ. შეთანხმების საკითხზე განცხადებას ავრცელებს

ევროკომისარი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ფედერიკა მოგერინი რუსეთსა და ცხინვალს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ე.წ. შეთანხმების ხელმოწერის გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის მიერ როგორც სამხრეთ ოსეთთან, ასევე აფხაზეთთან გაფორმებული შეთანხმებები არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობას და იმ ვალდებულებებს, რაც რუსეთმა საერთაშორისო დონეზე აიღო, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს და 2008 წლის 8 სექტემბრის შეთანხმებებს.
“18 მარტს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონს – სამხრეთ ოსეთს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ე.წ შეთანხმების გაფორმება რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება. ამას გარდა, დოკუმენტის ხელმოწერა ჟენევის 31-ე რაუნდის დღეს ისეთ პირობებს წარმოშობს, რომელიც უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესებისთვის კონსტრუქციულ გარემოს არ ქმნის”, – წერია ფედერიკა მოგერინის განცხადებაში. მისივე თქმით, ევროკავშირი კვლავ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის მონაწილეებს, გააგრძელონ პროგრესისთვის მუშაობა, რომელიც ხელს შეუწყობს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები