გოკა გაბაშვილი: ჩემი ბავშვობის ოცნება არ ყოფილა ბატონ ხადურთან საუბარი
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გოკა გაბაშვილი, მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებს. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გადაცემა „არჩევანში“ პარლამენტის სხდომაზე მინისტრებისა და საპარლამენტო უმრავლესობის არდასწრების საკითხი გააპროტესტა.
„აქ არ არის ლაპარაკი, რომ ჩვენ ერთმანეთი მოგვწონდეს და ერთმანეთი გვიყვარდეს. ეს არის საქართველოს პარლამენტი, ეს არის ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანო. არც ჩემი ბავშვობის ოცნება არ ყოფილა ბატონ ხადურთან საუბარი და ქალბატონ მანანასთან დისკუსია, მაგრამ ჩვენ ხმა მოგვცა ამომრჩეველმა იმისთვის, რომ პარლამენტში შევასრულოთ ჩვენ ჩვენი ფუნქცია, მათ მართონ ქვეყანა და ჩვენ ვაკონტროლოთ ისინი, ასეთია საპარლამენტო დემოკრატია. ჩვენ 2 წლის განმავლობაში ვაფრთხილებდით, რომ ქვეყნის ბიუჯეტი გაგერღვევათ რამდენიმე ასეული მილიონით, პასუხი იყო – არა, ეს თქვენი აჟიოტაჟია, ყველაფერი კარგად მიდის. გაერღვათ ბიუჯეტი რამოდენიმე ასეული მილიონით?! “ – აღნიშნა გოკა გაბაშვილმა.
გაბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება 2 წლის განმავლობაში არ ისმენდა „ნაციონალური მოძრაობის“ რჩევებს. ბიუჯეტის დაგეგმვასა და ხარჯვის ნაწილში რჩევების გარდა, გაბაშვილის თქმით, მათ შენიშვნები ჰქონდათ სავიზო რეგულაციების თაობაზეც, უცხოელ ინვესტორებისთვის მიწის გაყიდვაზე დაწესებულ რეგულაციებზე, აქციზისა და გადასახადების გაზრდაზე.