აჭარაში პოლიტიკური პროცესები კვლავ დაძაბულია

აჭარაში პოლიტიკური პროცესები კვლავ დაძაბულია. დღეს უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომა უნდა გაიმართოს. სხდომაზე ვიცე-სპიკერის არჩევისა და კვოტების გადანაწილების საკითხი განიხილება. როგორც საბჭოს დეპუტატები აცხადებენ, არსებობს ქვორუმის პრობლემა, გადამწყვეტი როლი კი სვეტლანა კუდბას ეკისრება. სწორედ სვეტლანა კუდბას ხმაზეა დამოკიდებული, გაიმართება თუ არა აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა და იქნება თუ არა კვორუმი. გვიან ღამით სვეტლანა კუდბას სახლში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე იმყოფებოდა. დეპუტატები მედეა ვასაძე და ჯემალ ფუტკარაძე აცხადებენ, რომ კუდბაზე ზეწოლა მიმდინარეობს და მის გადაბირებას ცდილობენ.
“ბატონი ავთანდილია მოსული, რომ აკონტროლოს სვეტლანა კუდბა. არ მგონია, ავთანდილ ბერიძეს კუდბას ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებდეს. ეს არის ძალიან მძიმე ზეწოლა”, – აცხადებს მედეა ვასაძე. ბერიძე კი ამბობს, რომ მან მეგობარი მოინახულა და ავადმყოფს წამლები მიუტანა. „ავად არის სვეტა, ექიმი მოვიყვანეთ. მანქანა გავგზავნე, წამლები მოვატანინე. პრობლემა არ გვაქვს ქალბატონ სვეტასთან, ის ფრაქციის წევრია,” – აცხადებს ბერიძე.
ვიცე – სპიკერის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა ფრაქცია “ქართული ოცნებიდან” გარიცხულმა დეპუტატმა ჯემალ ფუტკარაძემ წამოაყენა. „როდესაც გავიგეთ, რომ ბატონმა ავთანდილმა გვიან ღამით, სესიის წინა ღამეს განახორციელა ვიზიტი სვეტლანა კუდბასთან, ეს იყო აღმაშფოთებელი და დამაფიქრებელი, რადგან ჩავთვალეთ, რომ ეს იყო ზეწოლა ქალბატონ სვეტლანაზე, რომ მან ავთანდილ ბერიძისა და „ქართული ოცნებისათვის“ მისაღებ კანდიდატურას დაუჭიროს მხარი“, – განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ფუტკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები