ნიკა მელიამ თბილისის მერიაში 21 მარტს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადება შეიტანა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ თბილისის მერიაში 21 მარტს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადება შეიტანა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა, 21 მარტს კი დარწმუნდება, რომ საზოგადოება საპირისპიროს ფიქრობს.
„უპასუხისმგებლობა, უუნარობა, კორუფცია და უამრავი სხვა მანკიერება დღეს არის უმძიმესი სოციალური ფონის მიზეზი ქვეყანაში. ძალიან სიმბოლურია, როცა კანონის თანახმად, სწორედ ამ უუნარო კორუმპირებულ რიგ თანამდებობის პირებს ეცნობათ აქციის ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი. რადგან ხელისუფლებას დღემდე ვერ გაუგია, თუ რითაა საზოგადოება აღშფოთებული და უკმაყოფილო. რადგან ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა, 21 მარტს 16:00 საათზე „ვარდების მოედანზე“ ეს ხელისუფლება დაინახავს და დარწმუნდება, რომ საზოგადოება სრულიად საპისირისპიროს ფიქრობს“, – აღნიშნა მელიამ ჟურნალისტებთან საუბარში.
მელიას განცხადებითვე, 21 მარტს აქცია „ვარდების მოედანზე“ დაიწყება და პარლამენტამდე ფეხით მსვლელობით გაგრძელდება.