დიმიტრი ხუნდაძე არმაზ ახვლედიანისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს მდივნის არმაზ ახვლედიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომ თუკი დეპუტატები არ დაემორჩილებიან პოლიტსაბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით, მათ წინააღმდეგ სანქციები დაწესდება.
არმაზ ახვლედიანის თქმით, პოლიტსაბჭომ და პრემიერმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება და მხარს უჭერენ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს.
„არმაზ ახვლედიანის განცხადება იყო არამარტო საკუთარი უფლებამოსილების გადამეტება, არამედ, ეს იყო შეურაცხყოფა თითოეული დეპუტატისთვის. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ პოლიტსაბჭოს არ მიუღია გადაწყვეტილება, ან როგორ შეიძლება მიეღო, როცა ფრაქციას ეს საკითხი ჯერ არ განუხილავს. რაც შეეხება დეპუტატების მიმართ ბრძანებლური ტონით საუბარს, შევახსენებ ბატონ არმაზს, რომ დეპუტატი არის ხალხის მიერ არჩეული პირი, რომელსაც აქვს თავისუფალი გადაწყვეტილების უფლება. რა თქმა უნდა, პატივსაცემი და გასათვალისწინებელია პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, მაგრამ მთავარია თავად დეპუტატის დამოკიდებულება კონკრეტული საკითხის მიმართ. მადლობა ღმერთს, რომ დღეს განსხვავებული აზრისთვის აღარავინ ისჯება.
არმაზ ახვლედიანის განცხადება შეურაცხმყოფელია არა მარტო დეპუტატებისთვის, არამედ, თავად ქალბატონ ნინო გვენეტაძისთვისაც. მისი საუბრიდან ჩანს, რომ თუ ძალადობა არ გამოიყენეს, მისი კანდიდატურა ვერ გავა, ანუ, მას არ აქვს საკმარისი მოცემულობა იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ. ეს ასე არ არის. ქალბატონ ნინოს ყველა პოზიტიურად უყურებს, მათ შორის მეც. ჩვენ ველოდებით მასთან შეხვედრას და მისი პროგრამის გაცნობას.
რაც შეეხება ბატონი არმაზის განცხადებას, ვურჩევდი, ბოდიში მოიხადოს დეპუტატების წინაშე. ბრძანებების და სანქციების დრო დამთავრდა. ჩვენ თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ, სადაც თითოეული მოქალაქის მოსაზრება პატივსაცემი და გასათვალისწინებელია“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.