საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი ეწვევა
საქართველოს ხვალ ოფიციალური ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ზანიერი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე საუბარი შეეხება საქართველო-ეუთოს თანამშრომლობის საკითხებს, ყურადღება გამახვილდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე. ვიზიტის ფარგლებში ზანიერი ეწვევა საოკუპაციო ხაზს, ასევე მოინახულებს დევნილთა დასახლებას და ადგილზე გაეცნობა იქ არსებულ ვითარებას.
ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში 11 მარტამდე გაგრძელდება.