“ხალხი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს პოლიტიკური მოუსავლეთის გზას გაუყენებს”

პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით მთავრობის ეკონომიკურ გუნდს პარლამენტში იბარებს, რათა ეკონომიკური კრიზისიდან დაღწევის საკუთარი 36-პუნქტიანი გეგმა გააცნოს.
ამისთვის კი, მათ რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესაგზავნი განცხადება უკვე მოამზადეს.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირმა ნადირაშვილი ამბობს, მთავრობის ეკონომიკური გუნდი არ უნდა დაემალოს ხალხს და ყველა პრობლემაზე ღია მსჯელობა უნდა გაიმართოს. „გუშინ კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, რომ მათ პრეზიდენტიც და მთელი საზოგადოებაც მოატყუეს, როცა დაპირებულ დღეს, 5 მარტს პრეზიდენტს კრიზისიდან გამოსვლის არანაირი ეკონომიკური გეგმა არ წარუდგინეს. ამიტომ ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია, რომ მივმართოთ პრეზიდენტს სპეციალური განცხადებით, რომელსაც პარლამენტის წევრების შესაბამისი რაოდენობა მოაწერს ხელს და კიდევ ერთხელ მოვთხოვოთ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნა. მიგვაჩნია, რომ არ უნდა დაემალნონ ხალხის პრობლემებს და ამ პრობლემებზე საუბარი უნდა იყოს ღია და გახსნილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიგვაჩნია, რომ ხალხი მათ თვითონ მიაგნებს და გაუყენებს პოლიტიკური მოუსავლეთის გზას“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები