“კიევში უკვე ეჭვობენ, რომ სააკაშვილი რუსეთის აგენტია”
უკრაინის მთავრობაში ეჭვი გაჩნდა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი და ამჟამად, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის დავალებებს ასრულებს და პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ მოქმედებს. ამის შესახებ სტატიას გაზეთი ,,კვირის ქრონიკა“ აქვეყნებს.
გაზეთის ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გია გეწაძემ და გენპროკურორის მოადგილემ დავით საყვარელიძემ დაჭერები დაიწყეს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, მათ 50 მაღალჩინოსნის სია აქვთ შედგენილი, რომელიც სააკაშვილს გადასცეს პოროშენკოსთან შესათანხმებლად.
“სიაში არიან: თავდაცვის, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, მძიმე მრეწველობის, შს სამინისტროს წამყვანი პირები – მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტებისა და სამმართველოების უფროსები, ასევე, რამდენიმე ქალაქის მერი, გუბერნატორი და ვიცე-გუბერნატორი. ეს სია სააკაშვილს პორონკოსთვის უჩვენებია და მისი დასტური ნდომებია, რომ ეს ხალხი დაეჭირათ“, – წერს გაზეთი.
გაზეთის ცნობითვე, კიევის მთავრობაში უკვე იმას ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსეთის დავალებებს ასრულებს და უკრაინის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.
,,წყაროს ინფორმაციით, ეს სია პოროშენკოს, რადას სპიკერისთვის უჩვენებია. ვლადიმერ გროისმანი გადარეულა, სიაში მყოფი ყველა ადამიანი ,,მაიდნის“ მოვლენების აქტიური მხარდამჭერი ყოფილა, მათ შორის, მისი პარტიის წევრები. ამ ხალხმა თავი, მინიმუმ, საციხედ გაწირა, იქნებ სასიკვდილოდაც კი და მხარი რევოლუციას დაუჭირა. დღეს კი მათი მხარდაჭერით მოსული ხელისუფლება, კონკრეტულად, ამ ხელისუფლების ქართველი წარმომადგენლები, მათ დაჭერას ითხოვენ.
გროისმანს პოროშენკოსთვის პირდაპირ უთქვამს, – სააკაშვილი შენი ყველაზე ერთგული ხალხის დაჭერას აპირებს, უნდა, რომ ყველაზე უღალატო ხალხი ჩამოგაცილოს და ეს მხოლოდ ერთადერთ კაცს, ვლადიმერ პუტინს შეიძლება აწყობდესო. მოკლედ, გროისმანი სერიოზულად ეჭვობს, რომ სააკაშვილი ორმაგ თამაშს თამაშობს – ცალი ხელით რუსეთის საქმეს აკეთებს, ძირს უთხრის პოროშენკოს ერთგული კადრების ჩამოცილებით, მეორე ხელით კი ამერიკისას – სიტყვით რუსეთს ევბრძვის. გროისმანი იმაზეც გაბრაზებულა, სააკაშვილი თავის თავს ძალიან ბევრის უფლებას აძლევს, თუ ვინმეა დასაჭერი, პრეზიდენტს ეს გენპროკურორმა უნდა მოახსენოს და არა მისმა მრჩეველმაო“, – აღნიშნულია სტატიაში.
გაზეთის ინფორმაციით, პოროშენკოს გარემოცვაში ხმები გავრცელდა, სააკაშვილმა ეს 50-კაციანი სია გეწაძესა და საყვარელიძეს თავად გადასცა და საქმე კი ისე შემოატიალა, რომ ვითომ მათ მოუტანეს ამ ხალხის სია. ამასთან, როგორც წყარო ამბობს, უკრაინის მმართველ წრეებში აქტიურად განიხილავენ იმ ვერსიას, რომ სააკაშვილის ამ მაღალჩინოსნების ჩამოცილება ვიღაცამ დაავალა.
,,ამ 50-კაციანი სიიდან, რამდენიმეს ვინაობა პოროშენკოს ახლო გარემოცვისთვის გამხდარა ცნობილი და ყველა ერთ აზრზეა, რომ რუსეთის აგენტისა და უკრაინის მტრის მეტი, ამ ხალხის დაჭერა თავში აზრად არავის მოუვა, იანუკოვიჩს რომ გაემარჯვებინა, დღეს ეს ხალხი ცოცხალი აღარ იქნებოდა და ამათ თავს ვიღაც ვიგინდარა სააკაშვილსა და მის მიერ ჩამოთრეულ ქართველებს არ დავანებებთო და ბევრ მათგანს ეს პოროშენკოსთვისაც უთქვამს.
ცხადია, ამის შემდეგ პოროშენკომ სააკაშვილს უთხრა, რომ იმ სიიდან ვერც ერთ მათგანს ვერ დაიჭერდა. თუ მაინცდამაინც მათი კორუმპირებულობის უტყუარი ფაქტები გიჭირავთ ხელში, მაჩვენეთ და მათ თანამდებობებს დავატოვებინებ, ეგენი უკრაინის გმირები არიან და რომ დაიჭირო, ხალხი ამას არ მაპატიებს და მაგ ამბავს შეიძლება მეც გადავყვეო“,-წერს გაზეთი.