ირმა ინაშვილი: ტრაპიზონში „ნაციონალები“ შეიკრიბნენ და ლარის დევალვაციის საკითხზე დავალებები მიიღეს
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის ინფორმაციით, ტრაპიზონში 2015 წლის 7 თებერვალს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები შეიკრიბნენ, სადაც აჭარის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ვარშალომიძეც იმყოფებოდა.
როგორც ირმა ინაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, ამ შეხვედრაზე საქართველოში ლარის დევალვაციის საკითხი განიხილეს. მისივე თქმით, მას ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია სწორედ იმ პირმა მიაწოდა, რომელიც „ნაციონალების“ მხარდამჭერია და ამ შეკრებას ესწრებოდა. „ტრაპიზონში გამართულ თათბირზე ერთ-ერთი სერიოზული თემა იყო ლარის კურსის დევალვაცია. ლევან ვარშალომიძემ იქ შეკრებილ კონკრეტულ ადამიანებს დაავალა, რომ ამ მიმართულებით საზოგადოებაში შეიქმნას აჟიოტაჟი.
მივმართავ ხელისუფლებას: თქვე დალოცვილებო, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ქადაგიძე გაქანებული „ნაციონალი“ და ზურაბ ადეიშვილის ხელის ბიჭი რომ არის, ახლა გაიგეთ? არ იცოდით, ქადაგიძე ადეიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს რომ ემსახურება და ქართველი ერის ინტერესები ფეხზე ჰკიდია? რატომ აქამდე არ მოუწყვეთ ქადაგიძეს იმპიჩმენტი? აი, სწორედ ეს არის ხელისუფლების უუნარობა და უსუსურობა, რითაც სააკაშვილი და მისი ხროვა სარგებლობს“, – აცხადებს ირმა ინაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.