უგულავა კალაძეს სასტუმროდან ლტოლვილების გამოსახლებას სთხოვდა
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გიგი უგულავას ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ იძულებულია უგულავას ქმედება გაასაჯაროვოს. მისი თქმით, უგულავა სთხოვდა სასტუმრო „უშბაში“ მცხოვრები ლტოლვილები ძალისმიერი მეთოდით გამოესახლებინა.
„უგულავა სააკაშვილის სახელით რეგულარულად მთხოვდა ხალხი იქიდან გამეყარა ძალისმიერი მეთოდით, ვინაიდან მიშას აღიზიანებდა უსახური და ლტოლვილებით გამოჭედილი შენობა. რასაკვირველია, მე უგულავას და სააკაშვილის ეს კაპრიზი არ შევასრულე. რაც შეეხება კაპიკებში ნაყიდ მიწებს, ვერც ერთ ფაქტს ვერ დაასახელებს ეს ადამიანი ან მისი გარემოცვა – მე მათ მსგავსად მუქთად ჩამეგდო ხელში სახელმწიფო ქონება. ერთადერთი მიწა, რაც შეძენილი მქონდა – აუქციონით, იყო არსენალის მთაზე 80 ჰექტარი მიწა, რომელიც 40 მილიონ დოლარად შევიძინე. 20 როცა გადავიხადეთ მერე იყო ის სატელევიზიო ეთერი, გირგვლიანზე როცა მივუთითე სააკაშვილს… ყველამ იცის, მეორე დღესვე როგორ განვითარდა მოვლენები. კიდევ ვიმეორებ, მესმის, ვპატიობ, თანავუგრძნობ, პანიკაშია. სამწუხაროდ, ვერაფრით დავეხმარები – კანონი უზეანესია”, – განაცხადა კახა კალაძემ for.ge-სთან საუბრისას.
როგორც მინისტრი აცხადებს, მან სასტუმრო „უშბა“ დიდი ხანია გაასხვისა კერძო პირზე, რომელისგანაც შეიტყო, „უშბაში“ ლტოლვილები უკანონოდ იყვნენ შეჭრილები.
„ვწუხვარ, რომ ნაციონალური რეჟიმის მესვეურების, განსაკუთრებით სააკაშვილის და მისი მესენჯერის –უგულავას მორიგი ქმედება უნდა გავასაჯაროო ამ ადამიანის არაადეკვატური განცხადებების მერე. სასტუმრო „უშბა“, სხვათაშორის, დიდი ხანია გასხვისებული მაქვს. ჩემი წარმომადგენლების მიერ შეძენილი იქნა კერძო პირისგან, რომელშიც, როგორც მაშინ შევიტყვეთ, ლტოლვილები უკანონოდ იყვნენ შეჭრილები, მე მაშინ ობიექტი შევიძინე და იქ მაცხოვრებლების მიმართ არანაირი პრეტენზია არ მქონია. ხალხი „უშბაში“ წლებია ცხოვრობს და შეიძლება არც კი იციან, რომ მაგ ადგილის ერთი მფლობელი მეორემ ჩაანაცვლა”, – აღნიშნა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის უფლებაშეჩერებულმა მერმა გიგი უგულავამ კახა კალაძის მისამართით განცხადება გუშინ გააკეთა. მისი თქმით, დევნილებისთვის ბოდიშის მოხდის თაობაზე პრეტენზიას ვერ მიიღებს იმ ადამიანისგან, რომელიც სასტუმრო „უშბის“ მფლობელია და დევნილებით არის გავსებული.
„ეს ადამიანი, როგორც ჩანს, მართლა ვერ ხვდება, რა თანამდებობაზეა. ვერ ხვდებოდა მაშინაც, როდესაც აბსოლუტურად გაუგონარი განცხადება გააკეთა უკრაინასთან დაკავშირებით, ვერ ხვდება, რომ ის არ არის რესტორნების, მიწების, მანქანების მფლობელი, ის არის საქართველოს ვიცე-პრემიერი, მას მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ის გაუაზრებელი განცხადებები, რაც უკრაინასთან დაკავშირებით გააკეთა, არ ვნებს მხოლოდ მის პირად რეპუტაციას. რაც შეეხება მის მორალის კითხვას, ეს ადამიანი ძალიან წავიდა თავს და რატომღაც სუფლიორის საშუალებით უკვე მეოთხე თუ მეხუთეჯერ გვიკითხავს მორალს“, – განაცხადა უგულავამ.