„ეს გზა საკუთარი თავის შეცნობაზე გადის…“
ქართველი დიზაინერი თამარ ბარნოვი 11 წელია საქართველოდან წავიდა. დიზაინერი ბუდაპეშტში ცხოვრობს, თავისუფალ და დახვეწილ სამოსს უნგრელებისთვის ქმნის, ევროპულ მოდაში ადგილიც
დაიმკვიდრა და ბრენდ „Barnoff“ მაღაზიის მფლობელიც არის.
– როგორ აირჩიეთ პროფესია?
– განსხვავებულ ხედვას და მოთხოვნილებებს მიჰყავს ადამიანი იმ საგნების, ფორმების, უფრო ზუსტად კი გრძნობის ძიებისკენ, რასაც ვერ ნახულობს თავის გარშემო რეალურ სამყაროში. ამ გრძნობების ხორცშესხმის სურვილს კი – ქმედების, შემოქმედების და განუწყვეტელი პროგრესისკენ. მე გავყევი ჩემს ხედვას და ვიცი, კიდევ ძალიან ბევრ საინტერესოს აღმომაჩენინებს, რისიც ძალიან მადლობელი ვარ.
საერთოდ, დიდი ხნის ისტორიაა და ბებიაჩემის ტანსაცმლის ოთახიდან იწყება, სადაც შვილიშვილებიდან ექსკლუზიურად თამაშის უფლება მე მქონდა და, რომელსაც ჩემი ფანტაზია კარის მოხურვასთან ერთად, საოცრებების ოთახად აქცევდა.
– სირთულეები, რომლებიც კარგ დიზაინერად ჩამოყალიბებას თან ახლავს…
– ეს გზა საკუთარი თავის შეცნობაზე გადის. დანარჩენი ტექნიკური მხარეა. ცოდნა, გამოცდილება, რომელიც ასევე აუცილებელი და მნიშვნელოვანია, იმ განსხვავებით, რომ ეს უკანასკნელი სწავლებადია.
– რას ნიშნავს, იყო წარმატებული დიზაინერი?
– როდესაც ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი გაიარე და გარესამყაროსთანაც შეგიძლია წარმატებული ურთიერთობა.
– ევროპული მოდა – რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ?
– „ევროპული მოდა“ მრავალმხრივია ისე, როგორც ყოველი სახლის დიზაინერი და მათი კონცეფცია. თუ ცნობილ დიზაინერ ბრენდებზე მეკითხებით, ვისურვებდი, უფრო მეტად იყოს დღევანდელობაზე ორიენტირებული. ევროპული მოდის ბიზნესში მომწონს ურთიერთობის ხარისხი. ასევე პატივისცემა და სიყვარული, როგორც საკუთარი საქმის, ისე პარტნიორების.
– რამდენად რთულია ევროპულ მოდაში თავის დამკვიდრება?
– თავის დამკვიდრება საერთოდ რთულია ყველგან და ალბათ, ასეთი თანამიმდევრობით ხდება. პირველ რიგში, არკვევ, სად გაქვს თავი. ამ გარკვევაში გადის დიდი დრო, და თუ საკმარისად ჯიუტი ხარ, ყველა ზემოთ ჩამონათვალი თვისებებით მდიდრდები. როდესაც თავს იპოვი და გაარკვევ, რა გსურს, მიხვდები, რომ უკვე დამკვიდრებულია და აღარ საჭიროებს ძალით ჩანერგვის ზედმეტ იარაღებს.
ისე კი, მოდის ბიზნესი რთულია და საჭიროებს რაციონალური, შემოქმედებითი სამყაროების ურთიერთთანამშრომლობას და დიდი ხნის განმავლობაში იდეალური ბალანსის შენარჩუნებას.
– კონკურენცია მოდაში…
– კონკურენცია მოდაში (დიზაინერებში) სხვისი ნახატის ყურებას ჰგავს, საკუთარი რომ უყურადღებოდ გრჩება. არც მგონია, რომ საერთოდ არსებობდეს ასეთი ფენომენი. მოდის ბიზნესში კი არსებობს ისევე, როგორც ყველა სხვა ბიზნესში.
– როგორც ვიცი, 11 წელია საქართველოდან ხართ წასული. რამდენად იცნობთ თანამედროვე ქართულ მოდას და რა შეგიძლიათ თქვათ მის შესახებ?
– რამდენადაც ვიცი, ბევრი რამ კეთდება და მიხარია, რომ ბევრ სახელს და სახეს ვხედავ.
– რა არის იმისათვის საჭირო, რომ საქართველოში მოდის კულტურა განვითარდეს?
– ვფიქრობ, უკეთესი საერთო ეკონომიკური მდგომარეობა და ადგილობრივ დიზაინერთა ნაწარმის მეტი პროპაგანდა როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
– რას უსურვებთ და ურჩევთ ქართველ დიზაინერებს?
– პრობლემას კარგად არ ვიცნობ, ამიტომ, ვერაფერს ვურჩევ. ვუსურვებდი წარმატებებს.
– ყველაზე საინტერესო კოლექცია, რომელიც გააკეთეთ?
– ჩემთვის ყველა კოლექცია, რაც აქამდე გამიკეთებია, საინტერესო იყო. იმედი მაქვს, ყოველთვის ასე იქნება.
– ყველაზე საინტერესო კონკურსი მოდის მიმართულებით…
-„lvmh prize“, რომელიც წელიწადში ერთხელ ტარდება და დიზაინერებისთვის დიდი დახმარებაა, იმდენად, რამდენადაც პრიზში ბრენდის განვითარებისთვის პროფესიონალური დახმარებაც შედის.
– თუ გაქვთ რაიმე გეგმა საქართველოსთან დაკავშირებით?
– უკვე ერთი თვეა F-Labour- ში, შარდენის ქუჩაზე, შესაძლებელი გახდა BARNOFF-ის კოლექციის შეძენა. იმედია, განვვითარდებით. სურვილი მაქვს, საქართველოშიც ჩამოვიდე ჩვენებებით და ვფიქრობ, ახლო მომავალში ასეც იქნება.
ლელა ნინუა