გუგული მაღრაძე ნიკა გვარამიას სასამართლოში უჩივის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ დირექტორს ნიკა გვარამიას სასამართლოში უჩივის.
როგორც დეპუტატმა „პირველ პრესკლუბში“ საუბრისას განმარტა, საქმე ეხება „რუსთავი 2“-ის ეთერით გუგული მაღრაძის მიერ გაკეთებული განცხადებების საპასუხო კომენტარებს ნიკა გვარამიას მხრიდან.
დეპუტატი აცხადებს, რომ გადაცემაში, მისი სიტყვის დასრულების შემდეგ, კომენტარი ნიკა გვარამიამ გააკეთა, მას კი პასუხის გაცემის საშუალება აღარ მიეცა. გუგული მაღრაძე ნიკა გვარამიას შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. „მე „რუსთავი 2“-ში დამპატიჟეს, როგორც სტუმარი და გააკეთეს ისე, რომ პასუხის შესაძლებლობა აღარ მქონდა. ის, რაც გვარამიამ ჩემი გამოსვლის შემდეგ ილაპარაკა, შემდგომ ვნახე. მე ბევრ რამეზე მაქვს პროტესტი და ბევრ რამეს, რაც ჩემი მისამართით გვარამიამ თქვა, უპასუხოდ არ დავტოვებ. აქ საუბარი არ იყო მხოლოდ პოზიციებზე, აქ საუბარი იყო პიროვნულ შეურაცხყოფაზე და ჩემს შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე. ამიტომ მე გამოვიყენებ ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც საქართველოში სამართლებრივი სივრცე იძლევა და ამ სამართლებრივი სივრცის ფარგლებში მე მას შესაბამის პასუხს მოვთხოვ. პიროვნული შეურაცხყოფა პიროვნული შეურაცხყოფაა და ნამდვილად არ ვაპირებ, გვარამიას ვაპატიო ჩემ მიმართ ასეთი ტიპის შეურაცხმყოფელი განცხადებები“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ. დეპუტატის თქმით, ის ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ ადვოკატს მოელაპარაკება და შემდგომ გადაწყვეტს, როგორ იმოქმედებს. „მე უნდა გადავხედო კანონმდებლობას. ჩემს ადვოკატთან ერთად გავივლი, თუ რა შესაძლებლობას იძლევა ჩვენი კანონმდებლობა და უსათუოდ მივმართავ სასამართლოს. იქნება ეს ბოდიშის მოხდა, კომპენსაცია თუ სხვა, მოვიფიქრებთ. იმიტომ კი არა, რომ ჩემთვის რაიმე მნიშვნელობა აქვს, თუ რა თქვა ნიკა გვარამიამ, იმიტომ კი არა, რომ საზოგადოებამ არ იცის, ვინ ვარ მე და ვინ არის ნიკა გვარამია, მაგრამ აუცილებელია, რომ ასეთი პრეცედენტი იყოს. მით უმეტეს, როდესაც მე შენს ტელევიზიაში სტუმარი ვარ, მოვდივარ იქიდან და კუდში მაყოლებ ბრალდებებს, რომლებზეც მე პასუხის შესაძლებლობა არ მაქვს. ძალიან გამწარებული იყო ნიკა გვარამია. ეტყობა მისმა პატრონებმა უთხრეს, რომ უნდა მოეგერიებინა, ის, რაც მე ვთქვი და რადგანაც სხვა არგუმენტები არ ჰქონდა, პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადავიდა. ასე რომ, ამას ასე ვერ დავტოვებ“, – განაცხადა დეპუტატმა. დეპუტატსა და „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს შორის უთანხმოება „მაუწყებლობის შესახებ კანონთან“ დაკავშირებით არსებობს.