უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტს 30 -ზე მეტი კანდიდატი წარუდგინეს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტს 30-ზე მეტი კანდიდატი წარუდგინეს. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განაცხადა, რამდენიმე დასახელებულმა პირმა შერჩევაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
„ამ ეტაპზე შემოსულია 50-მდე წარდგინება, რომლითაც 30-ზე მეტი პირია დასახელებული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, თუმცა ამ ეტაპზე ეს სია საჯარო ვერ გახდება, იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ კანდიდატურებთან დაკავშირებით კომუნიკაცია მიმდინარეობს. რამდენიმე დასახელებულმა პირმა უარი განაცხადა, მაგალითად: ჯონი ხეცურიანმა, ლადო ჭანტურიამ, თინა ხიდაშელმა და იური ტაბუცაძემ. რაც შეეხება ვადას, უახლოესი 2-3 დღის განმავლობაში ეს თანხმობები და თანხმობაზე უარი ამ კანდიდატებთან კომუნიკაციის შედეგად გაირკვევა. საბოლოო სია ხელმისაწვდომი იქნება და ამის შემდეგ მოხდება შერჩევა იმ კრიტერიუმენის მიხედვით, რომელიც პრეზიდენტისა და საპარლამენტო ჯგუფების კონსულტაციების შედეგად შემუშავდა“, – განაცხადა კვერენჩხილაძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადა დღეს, 9 თებერვალს, იწურება. ამის შემდეგ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კანდიდატს შეარჩევს და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს. ახალი კანდიდატის დამტკიცება 23 თებერვლამდე უნდა მოხდეს. მოქმედ თავმჯდომარეს კონსტანტინე კუბლაშვილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის 10-წლიანი ვადა სწორედ 23 თებერვალს ეწურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები