„ჩემი ნამუშევრები ალბათ იმით გამოირჩევა, რომ ერთმანეთთან შერწყმულია საუკუნოვანი ტრადიციები და თანამედროვე ხედვა…“
„თავდაპირველად მომწონდა ისეთი ეგზოტიკური მასალით წერა, როგორიც იყო ფრთა. ყველაფერი ამით დაიწყო, მერე უბრალოდ დავვავადდი კალიგრაფიით და ვეღარც შევეშვი.“ – კალიგრაფისტი ოთარ მჭედლიშვილი.
– პროფესიით არქიტექტორი ხართ…
– დიახ, პროფესიით არქიტექტორი ვარ. ვსწავლობ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე. კალიგრაფია ჩემში თითქოს ყოველთვის იყო. ჯერ კიდევ მე-9 კლასში ვიყავი, როდესაც გადავწყვიტე, ხელნაწერი წიგნი შემექმნა. მახსოვს, ამისთვის ქათამს ფრთა ამოვაცალე და საბჭოური იისფერი მელნით ვცდილობდი ასო-ნიშნების გამოყვანას.
მე-10 კლასში ვიყავი, როდესაც ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა კონკურსი „ქართული კალიგრაფია“, იქ ვმონაწილეობდი და გავიცანი ადამიანები, რომელთაც მსგავსი ჰობი ჰქონდათ. 2010 წლიდან დღემდე კი ჰობი პროფესიად ვაქციე. ახლა მეგობართან, ალექსანდრე მამუკაშვილთან ერთად დავაფუძნე კომპანია „არტი“, რომლის პრიორიტეტი სწორედ კალიგრაფიულ ნიმუშებზე მუშაობა და ასევე კალიგრაფიის შესწავლაა. უკვე ჩამოყალიბდა ერთი ჯგუფი, რომელიც წიგნის ხელოვნების კურსს გადის, ამ კურსში შედის ყველა საგანი, რომელიც ხელნაწერი წიგნის შესწავლისთვის აუცილებელია.
– როგორ იქმნება თქვენი ნამუშევრები და რა მასალას იყენებთ?
– ნამუშევრების შექმნისას ვცდილობ, მაქსიმალურად მივუახლოვდე კლასიკური ქართული კალიგრაფიული სკოლების მიმდინარეობებს, ისეთებს, როგორიც იყო, ვთქვათ, ტაო-კლარჯეთის კალიგრაფიული სკოლა, კლასიკური ნუსხურით დაწერილი ძეგლები: გელათისა თუ მოქვის სახარებები. ამიტომ ვცდილობ, გამოვიყენო ის მასალები, რომლებსაც ძველი კალიგრაფები იყენებდნენ. ვიძიებ და აღვადგენ ძველ რეცეპტებს. ასე ძიებაში უკვე 4 წელია, რაც ეტრატს ვამზადებ. ეს საკმაოდ შრომატევადი და ფიზიკურად მძიმე სამუშაოა, ერთი ტყავის ეტრატად ქცევას დაახლოებით ერთი თვე სჭირდება. ყოველი ტყავი ინდივიდუალურია და მიდგომაც სათანადო უნდა. წარმოიდგინეთ, ქონიანი და ბეწვიანი ტყავისაგან უნდა დამზადდეს ისეთი ძვირფასი მასალა, როგორიც ეტრატია, გამორჩეული ფერითა და ფაქტურით. ეტრატთან ერთად საწერად ვხმარობ ბატის ფრთასა და ლერწმის კალამს, რომლებსაც კალიგრაფიის ისტორიაში ძალიან დიდი ადგილი უკავია.
საქარველოში უძველესი დროიდან მე-18 საუკუნამდე ლერწმის კალამს საწერად იყენებდნენ. ამდენად, ყველა ჩემი საყვარელი ხელნაწერი ლერწმის კალმითაა შესრულებული. ბოლო წელია, რაც ვმუშაობ მელნის დამზადებაზე. მელნისა და საღებავების დამზადება ყველაზე რთული სამუშაოა, მას ძალიან ბევრი ინგრედიენტი სჭირდება, რომელსაც ბუნება წელიწადის სხვადასხვა დროს იძლევა. ვიყენებ ძველ ქართულ, ძველ ბიზანტიურ, ძველ სომხურ და რუსულ წერილობით წყაროებს.
– რით გამოირჩევა თქვენი ნამუშევრები?
– ყველა კალიგრაფი ინდივიდუალურია. კალიგრაფიაში იმდენად დიდია ინდივიდუალიზმი, რომ ფსიქოლოგებს შეუძლიათ ადამიანის სულიერი პორტრეტის დახატვა კალიგრაფიის მიხედვით. ჩემი ნამუშევრები ალბათ იმით გამოირჩევა, რომ ერთმანეთთან შერწყმულია საუკუნოვანი ტრადიციები და თანამედრო ხედვა.
– კონკურს „ქართული კალიგრაფიის“ გამარჯვებული ხართ. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ კონკურსზე?
– კონკურსი „ქართული კალიგრაფია“ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ძალისხმევით ყოველწლიურად ტარდება. ეს ძალიან კარგი საშუალებაა დამწყები კალიგრაფებისთვის, იპოვონ საკუთარი თავი კალიგრაფიაში და, ამასთანავე, გაეცნონ სხვა კალიგრაფების ნამუშევრებს. ეს კონკურსი ძალიან დიდ როლს თამაშობს კალიგრაფიისა და ქართული დამწერლობის პოპულარიზაციაში; რაც ყველაზე სასიამოვნოა, ამ კონკურსს არ გააჩნია საზღვრები, ასაკი (მხოლოდ ქვედა ზღვარია დაწესებული: მე-6 კლასი) და ეთნიკური ნიშანი. მასში მონაწილებს ნებისმიერი დაინტერესებული პირი, მიუხედავად მისი ასაკისა, ეროვნებისა თუ საცხოვრებელი ადგილისა.
– რომელია თქვენთვის ყველაზე საყვარელი ხელნაწერი და რატომ?
– რამდენიმე ხელნაწერია, რომელსაც მხატვრული თვალსაზრისით ერთნაირად მაღალ დონეზე დავაყენებ: მოქვის, გელათის, ალავერდის, ლაფსყალდისა თუ ვანის სახარებებს, თუმცა მე გამორჩეულად მიყვარს ჯრუჭის მეორე ოთხთავი. ეს არის წიგნი, რომელშიც ხელოვნებას საზღვრები არ აქვს, ამის პირდაპირი გაგებით. მხოლოდ მინიატიურებიც კმარა შეფასებისას. წარმოიდგინეთ, ხელნაწერ გვერდზე მინიატიურისთვის საგანგებოდ არის გამოხაზული ჩარჩო, მაგრამ მხატვარს ეს არ აინტერესებს, არღვევს მის საზღვრებს და მიღმა ხან ჰაეროვან სამოსს, ხან მაცხოვრის თავს და ხანაც მთლიანად ანგელოსსან ანგელოსთა დასს ხატავს.
– რა არის საჭირო იმისათვის, რომ ახალგაზრდებში ქართული კალიგრაფიის კულტურისადმი ინტერესი გაიზარდოს?
– ჩემი აზრით, პირველ რიგში, საჭიროა განათლების უფრო მაღალი დონე. ამაში არ ვგულისხმობ, რომ უფრო მეტი გაკვეთილი უნდა ჩატარდეს სკოლებში (რაც ურიგო არ იქნებოდა), არამედ გამოფენებზე მათ სიარულს. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არის მუდმოვმოქმედი გამოფენა ქართული ხელნაწერი წიგნებისა, გარდა ამისა, შიგადაშიგ ტარდება განსაკუთრებული გამოფენები, მაგალითად, რამდენიმე თვის წინ, მას შემდეგ, რაც დასრულდა მოქვის სახარების კონსერვაცია, ამ ხელნაწერის რამდენიმე ორიგინალი გვერდი გამოიფინა. ეს განსაკუთრებული მოვლენა იყო, რადგან მოქვის სახარების ორიგინალის ხილვა ფართო საზოგადოებისთვის ათწლეულების განმავლობაში შეუძლებელი იყო, მისი მძიმე მდგომარეობის გამო.
– რას ურჩევთ ახალბედა კალიგრაფებს?
– ახალბედა კალიგრაფებს და მათ, ვისაც სურს, დაეუფლოს სახვითი ხელოვნების ამ დარგს, ვურჩევ, მობრძანდნენ ჩვენი კალიგრაფიის საკვირაო სკოლაში, სადაც ყველა პირობაა იმისა, რომ სრულყოფილად დაეუფლონ ხელით წერის ხელოვნებას.
– სად ინახება თქვენი ნამუშევრები?
– ჩემი ნამუშევრების უმეტესეობა გაყიდული ან გაჩუქებულია. რამდენიმე ნამუშევარმა ამერიკამდეც ჩამასწრო, არც გერმანიისა და ინგლისის ქვეყნების მონახულობაზე თქვეს უარი. ისინი კერძო კოლექციებშია. საქართველოშიც არის მიმოფანტული. მათ ჩემთვის ძვირფას ადამიანებს ვჩუქნი, ან ამ ხელოვნებით დაინტერესებული პირები ყიდულობენ.
– გამოფენები და კონკურსები – რა შეგიძლიათ გვითხრათ, რამდენად აუცილებელია და რა მოაქვთ გამოფენებს და კონკურსებს?
– ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარე ხელოვნების ყველა დარგში. გამოფენებზე და კონკურსებზე შესაძლებელია წარმოჩინდეს ტენდენციები, ახალი ხედვები და მიდგომები. ხელოვანებს ეძლევათ საშუალება, გაეცნონ და შეაფასონ ერთმანეთის ნამუშევრები. რამდენიმე კვირის წინ გვქონდა არაჩვეულებრივი გამოფენა საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში, სადაც წარმოდგენილი იყო კლასიკური და მოდერნის სტილი კალიგრაფიული ნამუშევრები თუ კალიგრამები, რომლებსაც მსოფლიო ანალოგი არ გააჩნიათ.
არ შემიძლია არ დავამატო ფლეშ-მობები, რომელიც საქართველოში ძალიან, ძალიან დაბალ დონეზეა. ევროპაში ეს ჩვეულებრივი ამბავია. იქ შემოქმედ ადამიანებს ამით სურთ, თქვან, რომ იმდენია მათში ხელოვნების მოზღვავება, ვერ დაიტევს მუზეუმების ვიტრინები თუ საკონკურსო მაგიდები, ამიტომ ისინი გამოდიან ქუჩაში. ეს არის ძალიან საინტერესო წარმოდგენა და იმედი მაქვს, ჩვენც დავნერგავთ ამ მიმართულებას. ეს არის კომპანია „არტის“ ერთ-ერთი პრიორიტეტი. მე და კომპანიის შემოქმედებითი ჯგუფი მაქსიმალურად ვეცდებით, რომ საზოგადოება გავანებივროთ მსგავსი პროექტებითა და წარმოდგენებით.
მზევინარ ხუციშვილი