„ჩემი შეფასებით, ზაქარია ქუცნაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს“

საპარლამენტო უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს დაასახელებს თუ არა, ცნობილი არ არის, თუმცა, ცნობილია კიდევ ერთი დამატებითი კრიტერიუმი, რასაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს.
როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრმა პაატა კიკნაველიძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, სასურველია, კანდიდატს ადვოკატის გამოცდილებაც ჰქონდეს.
„არისტოტელე ამბობდა, ადამიანი არის პოლიტიკური ცხოველი. შეუძლებელია, ადამიანი, მოქალაქე იყო და არ გაგაჩნდეს პოლიტიკური შეხედულება, გემოვნება და ასე შემდეგ. ასეთი ადამიანები არ არსებობენ და, მით უმეტეს, იურიდიულ საზოგადოებაში. უზენაესი სასამართლოს კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: უნდა იყოს სამართლის აღიარებული სპეციალისტი; უნდა ჰქონდეს გამოცდილება, როგორც ადვოკატს, და მეტსაც გეტყვით, უცხოეთში მოსამართლედ ინიშნება გამოცდილი ადვოკატი, რადგანაც მან ყველაზე უკეთ იცის, რა პრობლემებია სასამართლო სისტემაში. ადვოკატის გამოცდილება დამატებითი პლუსია მისთვის; უნდა იყოს ავტორიტეტული იურიდიულ საზოგადოებაში; პრონციპული და ცნობადი სახე“, – აღნიშნა პაატა კიკნაველიძემ „კვირას“ პრესკლუბში.
რადგანაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მართლმსაჯულების პოლიტიკას განსაზღვრავს, არასამთავრობოთა ნაწილი, ასევე ადვოკატები თვლიან, რომ მას გარკვეული პოლიტიკური გამოცდილებაც უნდა ჰქონდეს.
პაატა კიკნაველიძის შეფასებით, კანდიდატი პოლიტიკურ უნარებსაც უნდა ფლობდეს: „უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ უნდა განახორციელოს მართლმსაჯულების პოლიტიკა. მართლმსაჯულების პოლიტიკაც ხომ პოლიტიკაა. შესაბამისად, კანდიდატს უნდა ესმოდეს პოლიტიკა, რომ საჭირო დროს, რომელიმე მხრიდან სასამართლო სისტემაზე ზეწოლა არ განხორციელდეს. მან უნდა დაიცვას სასამართლო. ის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გარანტი უნდა იყოს“.
ჟურნალისტის კითხვაზე, აკმაყოფილებს თუ არა ერთ-ერთი დასახელებული კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი აღნიშნულ კრიტერიუმებს, მან უპასუხა, რომ ყოფილი ადვოკატი ზაქარია ქუცნაშვილი აღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს:
„უმრავლესობას კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით შეკრება ჯერ არ ჰქონია და არც კონკრეტული კანდიდატის საკითხი განხილულა. არც ის ვიცი, უმრავლესობა წარადგენს თუ არა კონკრეტულ კანდიდატს. ჩემი შეფასებით, მიმაჩნია, რომ ქუცნაშვილი ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს“.
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით პრეზიდენტი კონსულტაციებს აწარმოებს და მან კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადად 9 თებერვალი დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები