„ჩვენი სინამდვილე ჩემთვის ზედმეტად შორი და ქაოსურია…“ 

„ამ კითხვაზე, რომელიც სახის გამომეტყველებაზე გეტყობა, რომ არც შენ გიყვარს, ორაზროვან პასუხს გაგცემ. ხატვა ჯერ არც დამიწყია და არც დამისრულებია. ყოველდღე, როგორც ყველა მოაზროვნე ადამიანი, ვივსები და ვიცლები, ანუ ვთავისუფლდები. ხატვას ვიწყებ, ვასრულებ და ეს შეიძლება, გაგრძელდეს ორი წუთიდან ორ თვემდე. ეს არის პროცესი, ოღონდ არა სწორხაზოვნად რაღაცის კეთების, არამედ განვითარების პროცესი, საკუთარი თავის ძიებისა და აღმოჩენის. ხატვა პარალელურ რეჟიმში აზროვნებას ნიშნავს. ვხვდები, პირველი მიმართულება ძალიან შორს წაგვიყვანს, მაშინ ბევრად მარტივად გეტყვით, ბიძგი მივიღე, როდესაც  თვრამეტი წლის ვიყავი და ეს ბიძგი დღემდე ინერციით მამოძრავებს. მანამდე, ანუ ბავშვობას ვგულისხმობ, ვხატავდი ცხენს და გამომდიოდა ძაღლი. ეს, ისე, გასაგებ ენაზე.“ – მხატვარი გიორგი არეშიძე – „რეშკა“.   

– შთაგონების წყარო – სად და როგორ ეძებ ასახვის საგანს. რით გიზიდავს: ხასიათით, ესთეტიკურად, პოეტიკით, ბუნებრივი ცხოველხატულობით, სისადავით თუ სიმდიდრით?1509897_801971906518530_4227137825425359742_n
– ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში არასწორი იქნება, თუ ვიტყოდი, რომ ასეთი საგანი საერთოდ რეალურად არსებობს. მხატვრული ტექნიკით ნებისმიერი საგნის ასახვაა შესაძლებელი, საკმაოდ გასაგებ, აღქმად ენაზე, მაგრამ ეს მოდელი არანაირად არ მიესადაგება იმას, თუ საიდან იბადება ჩემში შთაგონება. თვით ეს შესანიშნავი ქართული სიტყვა შთაგონება, რომელიც ინსპირაციად გადავაკეთეთ და ყველა ბრუნვაში ვხმარობთ, არასწორია. მე, ძირითადად, ვმუშაობ აბსტრაქტულ ექსპრესიონიზმში. საერთოდ, ეს მიმდინარეობაც ჩვენი მოგონილია და საქმეს გვიადვილებს. მარტივ ენაზე, ჩვენ ვიგონებთ ტერმინს და ვარქმევთ რაღაცას, რათა ადვილი გახდეს შემდგომ მისი კლასიფიკაცია, საერთო კრებითი დამოკიდებულება კი, ასე ჟღერს ხელოვნება, ან არტი, რომელიც გენებოთ.
დავუბრუნდეთ შთაგონებას. ძალიან თავხედი ვიქნები, თუ გეტყვით, რომ შთაგონება თვითონ მე ვარ. ეს, ასეა და დაგისაბუთებთ. მე ვარ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ჩემი პროდუქტია, ჩემი ინტიმია, ანუ ჩემია და არა სხვისი. ეს არის მდგომარეობა. მდგომარეობა აზროვნების სხვა დონეზე გადაყვანის ერთგვარი მედიტაციური პროცესია. მე მიმყავს ჩემი თავი იმ მდგომარეობამდე, რომ შთაგონება მივიღო და ამ მდგომარეობაში ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, რას დავინახავ.10428077_801971916518529_5832869483064299427_n
შეიძლება დაინახო სიტუაცია და პარალელურ რეჟიმში ქვეცნობიერ დონეზე ხანგრძლივად იფიქრო, ან იმ მომენტში იმდენად გასაგები გახდეს ეს სიტუაცია შენთვის, რომ სიამოვნებისგან თვალი მილულო. აი, ზუსტად ეს თვალის მილულვა არის მდგომარეობა, რომელიც ძალიან ახლოსაა შთაგონებასთან. ინფორმაცია, რომელიც პარალელურ რეჟიმში ტრანსფორმაციას განიცდის, გეხმარება, რომ შენ რეალური, აღქმადი პროდუქტი შექმნა. იმის თქმა მსურს, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ანუ, მე დავინახე, აღვიქვი, მივიღე შთაგონება, გავიქეცი სახლში და  შევქმენი.  ეს რთული და მრავალეტაპიანი პროცესია.
რაც შეეხება ესთეტიკას, ჩემს შემოქმედებას მასთან არაფერი აკავშირებს. რაც ჩემთვის ესთეტიკურია, თქვენთვის შესაძლოა, საშიშიც იყოს. ესეც ინტიმური და ინდივიდუალურია. მე არ ვქმნი შთაგონებით, არამედ ვმუშაობ იმისთვის, რომ შთაგონება მეწვიოს.
– გარემო, რომელიც მუშაობისთვის გჭირდება…
– გარემო არ არსებობს, არსებობს მოცემულობა. მე შეიძლება ვიჯდე და ვიმუშაო მაშინ, როდესაც სახელოსნოში უამრავი ხალხი ირევა, ან თუნდაც ჩემი დაბადების დღეა და სტუმრები მყავს. იმ მომენტში შეიძლება არ ავდგე და არ მივვარდე ტილოს (თუმცა ასეც მომხდარა), მაგრამ ვიმუშაო ტილოსთან პირისპირ, ვირტუალურ რეჟიმში. მშვენიერია ტყე, ან მზე, ან სუფთა ჰაერი, თუნდაც დალაგებული სახელოსნო, არეული სახელოსნო,  სახლი ან კიბე, რა ვიცი, ადგილმდებარეობასა  და პირობებს მნიშვნელობა არ აქვს.  გარემო ამ შემთხვევაში ასოცირდება სიმშვიდესთან, მარტოობასთან, მუსიკასთან. უმრავლესობა ასეა. მე, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ არა. განვმეორდები და ვიტყვი, გააჩნია, რა დონეზე მომწიფდა იდეა, რომ რეალობად იქცეს.
– ფერები შენს შემოქმედებაში…10917427_801971909851863_2668262500591987431_n
– ფერები ჩემს შემოქმედებაში. ალბათ, აქ რომ, დაგვესვა წერტილი, უკვე პასუხი სრულყოფილი იქნებოდა. ეს არის ის, რაზეც მე ყველაზე დიდ აქცენტს ვაკეთებ. მე მაქვს ფერის კულტი. წარმოვიდგინოთ სიტუაცია: მარტივად – ჩვენ ვსაუბრობთ და აღმოჩნდება, რომ იმას, რასაც თქვენ ლურჯს ეძახით და აღიქვამთ ლურჯად, მე ვეძახი მწვანეს და ასევე აღვიქვამ. დასკვნა, ან თქვენ ხართ დალტონიკი, ან მე.  მე მირჩევნია, დალტონიკი ვიყო და არ გეკამათოთ. არ ვისაუბრებ, როგორ ფერებში აღვიქვამ, უბრალოდ გეტყვით, რაც, ჩემი აზრით, ყველა მხატვრისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს. მე ვმუშაობ მხოლოდ რთული ფერით. ამ კითხვას კარგია, რომ არ მოყვა მეორე ლოგიკური კითხვა – რომელია თქვენი საყვარელი ფერი? ამ შემთხვევაში მე დუმილის უფლებით ვისარგებლებდი.
– გამოფენები და შთაბეჭდილებები…
– გამოფენა არის გამოფენა. ანუ, იმის თქმა მსურს, რომ ძირითადი ბირთვს იმ საზოგადოებისა, ვინც გამოფენებზე დადის, საქართველოში თითქმის ყველა იცნობს ამ მხატვრის შემოქმედებას, წერის მანერას და ასე შემდეგ. უბრალოდ, ეს არის ერთგვარი დაფასება მხატვრისა და კიდევ ერთხელ ერთმანეთთან შეხვედრის სურვილი, მსჯელობა. თუ გამოფენა, გარკვეული დროის მონაკვეთში მსჯელობის საგნად იქცა, ეს უკვე მიღწევაა და ყველა მხატვარი მადლობელი უნდა დარჩეს. გამოფენა მხოლოდ იმისთვის არ კეთდება, რომ საზოგადოებამ იხილოს ახალი ნამუშევრები, ეს, ჩემი აზრით, თვითონ შემოქმედისთვის უნდა გახდეს ერთგვარი რეზიუმე, მან უკეთ უნდა დაინახოს ის, რომ რაღაც ეტაპი მორჩა და განაახლოს ძიება ახლისა.
იმას არ ვიტყვი, რომ საქართველოში თითქმის ყველა გამოფენა ერთნაირად სრულდება. უბრალოდ, განვმეორდები და ეს არ მინდა…
– შეიძლება თუ არა მხატვარმა საქართველოში თავისი შემოქმედებით იცხოვროს?10942311_801971913185196_7032810131079612089_n
– მხატვარმა თავისი შემოქმედებით, უნდა კი არა, აუცილებელია, რომ იცხოვროს. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ნებისმიერ სხვა განვითარებულ ქვეყანაში ეს კითხვა არც კი ჟღერს. საქართველოში ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელს უჭირს ცხოვრება იმიტომ, რომ, ზოგადად,  ღარიბი ქვეყანაა, საოცრად პატარა ბაზრით. შესაბამისად, არტბაზარიც ძალიან მწირია.
მწირია, მაგრამ არ ვიტყვი, რომ არ არსებობს. ქვეყანაში, სადაც შუა შეძლების ადამიანი ჩნდება, მოთხოვნაც ყველაფერზე გაჩნდება. აქ ჯერჯერობით ამის ნიშნებს, მაპატიეთ, ვერ ვხედავ. მე ვცხოვრობ ჩემი ნამუშევრებით და ხალხსაც ვიცნობ, ვინც მოიკლებს ძალიან ბევრ რამეს და ნამუშევარს შეიძენს. ეს მისთვის ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა რამის შეძენა, მაგრამ მათი რიცხვი, ძალიან მცირეა.
– რა შეგიძლია თქვა, თანამედროვე ქართული ხელოვნების შესახებ…
– თემა იმდენად მრავლისმომცველია, ამაზე მცირე კომენტარით ვერ შემოვიფარგლები. აქედან გამომდინარე, უბრალოდ გეტყვით, რომ თანამედროვე ხელოვნება  საქართველოში კულუარებს მიღმა არსებობს, მაგრამ ყველას ნება-სურვილი უნდა იყოს, რომ ის კულუარებიდან გამოვიდეს.
– მხატვრის თვალით დანახული ჩვენი სინამდვილე…
– ყველა ინდივიდი თავის სინამდვილეში ცხოვრობს. მე მგონი, არ არსებობს ერთიანი სინამდვილე, და თუ ეს ასეა, მაშინ მე ის  არანაირად არ მხიბლავს. მხატვარი იცვითება ისე, როგორც სხვა, მაგრამ მისი ცვეთის ხარისხი დროსა და სივრცეში გაცილებით მეტია. ხელოვან ადამიანს აქვს მოცემულობა, დაშალოს სინამდვილე და თან აკონტროლოს, რომ აწყობის დროს ბევრი დეტალი არ დარჩეს მიღმა. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ცოტა ხნის წინ მოლაპარაკება მქონდა, ერთ-ერთ „არტ პრომო“ კომპანიასთან და მიმოწერის დროს, მათი წარმომადგენელი მეუბნება ისე, რომ დეტალებში არ მარკვევს:  „დრო ფულია“. მე მასთან მიმოწერა შევწვიტე. უბრალოდ, არ არის იდეური თანხვედრა ჩვენ შორის. ჩემთვის დრო ფული არანაირად არ არის. დრო არის დრო, რომლის ყოვლისმომცველ ცნებამდე ყველა ინდივიდუალურად მიდის. ჩვენი სინამდვილე, ჩემთვის ზედმეტად შორი და ქაოსურია.
– ბრძოლა საკუთარ თავთან…10947234_801971923185195_6116262165001039048_n
– საკუთარ თავთან ბრძოლაში გასაკვირი არაფერია. აი, მშვიდობაში და ჰარმონიაში ყოფნა საკუთარ თავთან ბევრად რთულია.  მაგალითად, ბოლო კომპოზიცია მივუძღვენი ყველა უთოს, რომელიც გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე დროსთან ჭიდილში. დასკვნა – თქვენ გააკეთეთ. ხშირად, ვიჭერ ჩემს თავს იმაში, რომ ვეუბნები მას – რაც გიცნობ, სულ გიორგი ხარ არეშიძე. ანუ, დიალოგი საკუთარ თავთან აუცილებელია და ეს პერმანენტულ ხასიათს უნდა ატარებდეს. სხვაგვარად წინა კითხვაზე ვერ გავცემ პასუხს, თუ, როგორ აღვიქვამ ჩვენს სინამდვილეს. ვაკონკრეტებ, დიალოგი საკუთარ თავთან და არა ბრძოლა.
– ყველაზე რთული და ყველაზე საყვარელი…
– ყველაზე რთული წონასწორობაა ჩემთვის …. ყველაზე საყვარელი „სველი ქვები“
– საინტერესო პროექტი, რომელზეც იმუშავე და რატომ?
– გამიჭირდება, რომელიმე ერთი პროექტის გამოყოფა. მე ვაკეთებდი იმას, რისთვისაც მზად ვიყავი დროის იმ მონაკვეთში და, არაფერს ვნანობ. სინანულის გრძნობა დღის წესრიგიდან უნდა ამოიღო და შეხედო ამ ყველაფერს, როგორც საშენ მასალას, ეტაპს. ყველა ეტაპი გასავლელი მქონდა და გავიარე, მაგრამ ჩემი შენობა ჯერ არ დასრულებულა. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში არც დასრულდება. ასე, რომ, იმედით გემშვიდობებით.

მზევინარ ხუციშვილი

10952115_801971929851861_4970491954487246900_n

10954518_801971919851862_6700752122627311438_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები