ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ლარის კურსთან დაკავშირებით განსაკუთრებული არაფერი ხდება (ვიდეო)

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ლარის კურსთან დაკავშირებით განსაკუთრებული არაფერი არ ხდება. აღნიშნულ საკითხზე პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით დოლართან მიმართებაში სხვა ქვეყნების ვალუტების გაუფასურების მაჩვენებელი წარმოადგინა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური გუნდის წევრებს, ასევე ეროვნულ ბანკს მიმართა და მოუწოდა, რომ არსებულ ტენდენციასთან დაკავშირებით საზოგადოების სათანადო ინფორმირება დროულად მოახდინოს.
“მე მქონდა შეხვედრა ეკონომიკურ გუნდთან და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელთან. ჩვენ ვიმსჯელეთ ამის თაობაზე. მიმოვიხილეთ რეგიონსა და, ზოგადად, მსოფლიოში არსებული ვითარება; მოვისმინე განმარტებები, თუ რა გავლენას ახდენს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ჩვენს ეკონომიკაზე, ასევე ჩვენს ვალუტაზე. მინდა, შედარებისთვის რამდენიმე მაგალითი მოვიყვანო იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ვალუტა გაუფასურდა უახლოესი თვეების განმავლობაში დოლარის მიმართ: ისეთი ვალუტა, როგორიცაა უკრაინული გრივნა, გაუფასურდა 88 პროცენტით, რუსული რუბლი – 83 პროცენტით, ბელორუსული რუბლი – 56 პროცენტით, მოლდოვური ლეი – 31 პროცენტით, შვედური კრონა – 30 პროცენტით, ნორვეგიული კრონაც ასევე – 30 პროცენტით, პოლონური ზლოტი გაუფასურდა 27 პროცენტით, უნგრული ფორინტი – 24 პროცენტით, ევრო 22 პროცენტით და ა.შ. ქართული ლარი გაუფასურებულია 12 პროცენტით, ამის შემდეგ მოდის გირვანქა სტერლინგი – 10 პროცენტით. მაგალითები მოვიყვანე იმისთვის, რომ მოსახლეობას ავუხსნათ – განსაკუთრებული და საგანგაშო ჩვენს ქვეყანაში არ ხდება. ეს არის მთელ მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციები”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები