იტალიაში დამწვარ გემზე მყოფი ქართველებიდან მამა ილია კარტოზიას გარდა ყველა იპოვეს
იტალიაში დამწვარ გემზე მყოფი 9 ქართველიდან 8 ნაპოვნია. ასევე ნაპოვნია თეიმურაზ კინწურაშვილი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება საქართველოს მხოლოდ ერთი მოქალაქე მამა ილია კარტოზია.
ევაკუირებულ პირებს საფრთხე არ ემუქრებათ. იტალიაში დამწვარ ბორანზე ნაპოვნი კინწურაშვილის ოჯახს ინფორმაცია უკვე მიაწოდეს.
„ჩემი ძმა ნანპოვნია. ახლა იმყოფება ოჯახის წევრებთან იტალიაში. კარგად არის. ყველას ჩაუტარდა სათანადო მკურნალობა“, – განაცხადა თეიმურაზ კინწურაშვილის დამ მაია კინწურაშვილმა.
მცხეთის ტაძრის წინამძღვარს ილია კარტოზიას მაშველები ამ დრომდე ეძებენ. ინფორმაცია არ აქვს კარტოზიას ოჯახსაც. სასულიერო პირი იტალიის ქალაქ ბარიში მოსალოცად მიდიოდა.
უცხოური საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, გემზე სულ 8 ადამიანი გარდაიცვალა. აქედან ერთი საბერძნეთის მოქალაქეა. სხვა გარდაცვლილთა ამოცნობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.