როდის მოხდება “ნაციონალების” მიერ უკანონოდ წართმეული ქონების მოქალაქეებისთვის დაბრუნება – მთავარი პროკურორის განმარტება
ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საქმეების გამოძიებას დასჭირდება გარკვეული პერიოდი. ეს ვერ მოხდება მყისიერად, რადგანაც წლების განმავლობაში ათასობით ფაქტი დაგროვდა – ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს. მისი თქმით, თითოეული მათგანი საჭიროებს ინდივიდუალურად დეტალურ შესწავლას. ბადაშვილის განცხადებით, საქართველოს პროკურატურა ამ პრობლემის გადაჭრის გზებსა და გეგმებზე საზოგადოებას უახლოეს მომავალში სრულ და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის. “ათასობით განცხადება შემოვიდა პროკურატურაში. ჩემი მთავარ პროკურორად დანიშვნის შემდეგ დავიწყეთ ამ საჩივრების სისტემატიზება, შესწავლა და თემატურად დახარისხება. დეტალურად გაანალიზდა ის საჩივრები და განცხადებები, სადაც განმცხადებლები მიუთითებდნენ სასჯელის მოხდისას, დროებითი მოთავსების იზოლატორის, სასჯელაღსრულების დაწესებულების, პოლიციისა და პროკურატურის თანამშრომელთა მიერ იძულებითი ღონისძიებების გამოყენების ფაქტებზე, საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედების მიმდინარეობისას ბრალდებულთან უკანონო მეთოდების (ცემის, წამების, მუქარის, იძულების და ა.შ.) გამოყენების ფაქტებზე. გავაანალიზეთ ასევე ქონების უკანონოდ ჩამორთმევის შესახებ შემოსული საჩივრები, ზიანის ოდენობის, ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფორმებისა და ჩამორთმეული ქონებების სახეობების მითითებით. 2015 წლის დამდეგიდან საქართველოს პროკურატურაში იგეგმება სპეციალური სამმართველოს შექმნა, რომელიც სპეციალიზებული იქნება უშუალოდ ამ საკითხებზე სამუშაოდ, რათა ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთოს ქვეყანაში ის უსამართლობის განცდა, რაც მემკვიდრეობით გვერგო. ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საქმეების გამოძიებას დასჭირდება გარკვეული პერიოდი. ეს ვერ მოხდება მყისიერად, რადგანაც წლების განმავლობაში ათასობით ფაქტი დაგროვდა. თითოეული მათგანი საჭიროებს ინდივიდუალურად დეტალურ შესწავლას. საქართველოს პროკურატურა ამ პრობლემის გადაჭრის გზებსა და გეგმებზე საზოგადოებას უახლოეს მომავალში სრულ და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდი“, -აცხადებს ბადაშვილი.