საქართველოს მთელი ტერიტორიის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველსაყოფად მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით საქართველოს მოსახლეობის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით, ღია დაშვების პრინციპზე დამყარებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზებით საქართველოს მთელი ტერიტორიის დასაფარად საჭირო პირობების შესაქმნელად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“, სს „საქართველოს რკინიგზასა“ და შპს „საქართველოს ფოსტას, “ სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“, სსდ „საავტომობილო გზების დეპარტამენტის“, სს „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციისა“ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენლებმა.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, მემორანდუმის მიზანია დამატებითი ხელშემწყობი პირობების ფორმირება, რათა საქართველოს მასშტაბით ყველა სოფელში, რომელშიც 200 მეტი ადამიანი ცხოვრობს, განხორციელდეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შეყვანა. პროექტის ფარგლებში სოფლებში ღია დაშვების წერტილების ფორმირების გარდა უნდა განხორციელდეს ყველა სკოლამდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხის მიყვანა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით საქართველოს რთული რელიეფური მდგომარეობიდან გამომდინარე, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალების მშენებლობა ქვეყნის მასშტაბის საკმაოდ მოცულობით ინვესტიციას მოითხოვს. შესაბამისად, უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან ამ პროცესის ხელშესაწყობად დადებითი გარემოს შექმნა.
მემორანდუმი იმ სახელმწიფო უწყებებს შორის გაფორმდა, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა საკუთარი რესურსებით კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყონ აღნიშნული მასშტაბის პროექტის განხორციელებას, ზოგ შემთხვევაში სასყიდლიანად ან უსასყიდლოდ, განსაზღვრული ვადით, საკუთარ ინფრასტრუქტურაზე დაშვებით, ზოგ შემთხვევაში – გამოუყენებელი ინფრასტრუქტურის ინვესტორისთვის გადაცემით და ა.შ.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, კანონმდებლობის შესაბამისად, შეუწყონ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზების, ასევე საჭირო ტექნიკური აპარატურის, სახელმწიფოს ან თავიანთ საკუთრებაში/სარგებლობაში/ბალანსზე არსებულ ქონებაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განთავსებას, რაც გულისხმობს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასყიდლიანად ან უსასყიდლოდ, განსაზღვრული ვადით, ამ მემორანდუმის პირველი მუხლის მიზნის მისაღწევად გამართულ კონკურსში გამარჯვებული პირისათვის გადაცემას ან სამშენებლო სამუშაოების დაშვებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.