სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საგარეო საქმეთა სამინისტროში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის საკითხებზე უწყებათშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი უძღვებოდა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ასევე შინაგან საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) მე-2 ბლოკით განსაზღვრული მიმართულებები და ამ მხრივ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებები. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს საზღვრის მართვის, მიგრაციისა და თავშესაფრის სფეროებში VLAP-ით გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ მ.წ. 29 ოქტომბრის ევროკომისიის ანგარიშისა და მ.წ. 17 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, საქართველო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მეორე, დასკვნით ფაზაზე გადავიდა. 8-12 დეკემბერს VLAP-ის იმპლემენტაციის მეორე ფაზაზე შედგა ევროკავშირის ექსპერტთა შემფასებელი მისიის ვიზიტი, რომელთაც შეისწავლეს პირველი ბლოკით (დოკუმენტების უსაფრთხოება) გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა.
2015 წლის განმალობაში საქართველოში განხორციელდება ევროკავშირის შემფასებელი მისიების ვიზიტები VLAP-ის მე-2 (საზღვრისა მართვა მიგრაცია, თავშესაფარი), მე-3 (საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება) და მე-4 (საგარეო ურთიერთობები, ადამიანის უფლებები) ბლოკებით გათვალისწინებული მიმართულებების შესწავლის მიზნით. მ.წ. 25 და 26 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრი გამართავს შეხვედრებს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან VLAP-ის მე-3 (საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება) და მე-4 (საგარეო ურთიერთობები, ადამიანის უფლებები) ბლოკებით გათვალისწინებული ვალდებულების იმპლემენტაციის საკითხებზე.