გიორგი მარგველაშვილი პატრიარქს აღსაყდრებიდან 37-ე წლისთავს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 37-ე წლისთავს ულოცავს.
პრეზიდენტი პატრიარქს ერის სულიერი წინამძღოლობისთვის უშრეტ ენერგიას უსურვებს.
“თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ აღსაყდრებიდან 37 წლისთავს. უკვე არაერთი ათწლეულია, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ და მნიშვნელოვან ეპოქაში, თქვენი სულიერი ღვაწლი, სიყვარულისა და შორსმჭვრეტელობის მაგალითები გვაძლევს განსაცდელში სიმტკიცის, ერთობისა და თანადგომის ძალას, გვინერგავს მომავლის იმედსა და რწმენას, შთაგვაგონებს, საკუთარ თავში მოვიძიოთ შინაგანი სიმშვიდე, პიროვნული სრულქმნისათვის შრომის მზაობა, ქვეყნისათვის მსახურების ენერგია.
ორიენტირები, რომლისკენაც თქვენ მიგვიძღვებით, უნივერსალურია და არ ცნობს ეთნიკურ, კონფესიურ და სხვა განსხვავებებს. ამიტომაც არის თქვენი ღვაწლი საქართველოს თითოეული მოქალაქის საკუთრება. ვუსურვებ მათ, რომ კვლავაც დიდხანს გეპყრათ ხელთ ჩვენი სულიერი ცხოვრების საჭე.
ბედიერი ვარ, რომ წილად მხვდა შესაძლებლობა, ცხოვრების ყველზე რთულ და საპასუხისმგებლო მომენტებში პირადად თქვენგან მივიღო რჩევა და სულიერი შემწეობა. გისურვებთ დღეგრძელ და ჯანმრთელ ცხოვრებას, უშრეტ ენერგიას ერის სულიერი წინამძღოლობისათვის”, – აღნიშნულია მილოცვის ტექსტში.