პარლამენტში დღეს საყდრისის მაღაროში სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ
საყდრისის მაღაროში სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე იმსჯელებენ.
საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე ინიციატივის განხილვაა დაგეგმილი, მათ შორის, „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ შეთავაზებული საგამოძიებო კომისიის შექმნა. ინიციატივა აქვს მმართველ გუნდსაც. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გედევან ფოფხაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტებია საჭირო, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა ობიექტური ჭეშმარიტების დამდგენად ჩაითვალოს.
“იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ ამ საკითხს, ჯერჯერობით, ისეთი არგუმენტი არ მომისმენია, რაც ჩემს კრიტიკულ დამოკიდებულებას დროებითი საგამოძიებო კომისიების მიმართ შეცვლის,“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.