დიმიტრი ხუნდაძე გიორგი ბარამიძეს პასუხობს და ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებს აქვეყნებს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ვიცე-სპიკერ გიორგი ბარამიძის მიერ კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების შესახებ ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, გიორგი ბარამიძემ იცრუა, როდესაც განცხადება გააკეთა, რომ თითქოსდა, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვიან არც ერთ ოჯახს არანაირი დახმარება არ გასწევია და მათზე გამოყოფილი თანხა არ დახარჯულა.
ბარამიძის საპასუხოდ, ხუნდაძე ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებს აქვეყნებს. „გიორგი ბარამიძემ იცრუა, როდესაც განცხადება გააკეთა, თითქოსდა, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვიან არც ერთ ოჯახს არანაირი დახმარება არ გასწევია და მათზე გამოყოფილი თანხა არ დახარჯულა. გაწვდით მონაცემებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვაწოდა. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ „ნაცმოძრაობა“ კიდევ ერთხელ მტკნარ სიცრუეს ავრცელებს.
კრიზისულ ოჯახებზე გაწეული დახმარების შესახებ 2014 წლის 24 დეკემბრის მონაცემებით:
თბილისი – 219 ოჯახზე გაიცა 155 437 ლარი, რეგიონები – 555 ოჯახზე გაიცა 555 389 ლარი, სულ – 774 ოჯახზე გაიცა 710 826 ლარი.
გარდა ამისა, 237 კრიზისულ ოჯახში დარიგებულია დაახლოებით 170 000 ლარის ღირებულების დახმარებები, მაგრამ ვინაიდან დღეისათვის მომსახურების გამწევ ორგანიზაციას აღნიშნულ თანხაზე არ წარმოუდგენია მიღება-ჩაბარების აქტები, აღნიშნული მონაცემები ცხრილში არ შევიდა (ეს აქტები წარმოდგენილი იქნება კვირის ბოლომდე).
დღეისათვის 1011 კრიზისულ ოჯახს გადაეცა 880 000 ლარის ღირებულების შესაბამისი დახმარება (საკვები, ავეჯი, ელექტროენერგია და სხვა)“,-აცხადებს დიმიტრი ხუდნაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები