მიხეილ სააკაშვილი: საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპრეზიდენტო პასპორტი გამიუქმა
დავიცავ საქართველოს ევროპულ არჩევანს და ქართველი ხალხის ისტორიულ გადაწყვეტილებას – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ამასთან, როგორც ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, სტრასბურგში ჩასვლამდე ავიაკომპანიისგან შეიტყო, რომ მას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპრეზიდენტო პასპორტი გააუქმა. თუმცა, მისივე თქმით, „ყველამ ყველაფერი იცის“ და ამიტომ გამგზავრების პრობლემა არ შექმნია.
„ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ და ჩამოვედი. მაინტერესებს, არაჩვეულებრივ მოქალაქეს რატომ ეთაკილება აქ ჩამოსვლა? მე ჩამოვედი, მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანიაში გამომიცხადეს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩემი საპრეზიდენტო პასპორტი გაუუქმებია. მაგრამ, პრეზიდენტს მთელი ცხოვრება ეკუთვნის ეს პასპორტი. პასპორტი გააუქმეს, წერილებს ყველგან აგზავნიან, იმის მაგივრად, რომ ყველამ ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი. ყველამ ყველაფერი იცის, არაფერი უკვირთ, უბრალოდ, მხრებს იჩეჩავენ. ასეთი საქციელი ევროპაში დიდი ხანია, არავის უნახავს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.