ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი იქნება

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას პაატა ხიზანაშვილი დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ახლად დანიშნული გუბერნატორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური და მხარეთმცოდნეობის ფაკულტეტების კურსდამთავრებულია, ასევე განათლება მიღებული აქვს გერმანიაში.
2006 წლიდან დღემდე პაატა ხიზანაშვილი მუშაობდა „ქართუ ჯგუფში“ სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის იყო ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი და ’’ბანკი ქართუს” საკრედიტო დეპარტამენტის აქტივების მართვის განყოფილების უფროსი.
სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე საქართველოს შინაგან საქმეთა, ფინანსთა და თავდაცვის სამინისტროებში, საქართველოს უშიშროების სამინისტროს აკადემიასა და თბილისის საავიაციო გაერთიანებაში.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი მღებრიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები