„პრემიერის მოსაზრება, რომ პროკურატურას რეფორმა სჭირდება – სწორია“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის მოსაზრებით, პრემიერის მოსაზრება, რომ პროკურატურას რეფორმა სჭირდება – სწორია. ქუცნაშვილი ფიქრობს, რომ მართლმსაჯულების მოწყობის სისტემა მთლიანად თავიდან არის გასააზრებელი იმისათვის, რომ, ერთი მხრივ, სისხლის სამართლებრივი დევნის ორგანოები იყვნენ მიუკერძოებელნი, ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, ხოლო, მეორე მხრივ, მართლმსაჯულების ორგანოები თავისთავად იყვნენ მხოლოდ კანონზე და შინაგან რწმენაზე დამოკიდებული.
“როდესაც მეკითხებიან, როგორი უნდა იყოს მოსამართლე, ვპასუხობ, რომ მოსამართლე უნდა იყოს ობიექტური კანონის გამოყენებისას და სუბიექტური შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებისას. ობიექტურობა კანონთან მიმართებაში და სუბიექტურობა შინაგან რწმენასთან დაკავშირებით – ეს არის პრინციპი, რასაც უნდა დაექვემდებაროს მართლმსაჯულების სისტემა”, – აღნიშნა ქუცნაშვილმა.
საქართველოს მთავრობა პროკურატურის რეფორმირებას იწყებს. ამის თაობაზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
პრემიერმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს უწყების რეფორმირების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის დავალებაც მისცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები