„კოდორის მოვლენები ქიბარ ხალვაშის სახლში სააკაშვილმა, მერაბიშვილმა, ოქრუაშვილმა და ვინმე გოგავამ დაგეგმეს“

„ემზარ კვიციანის საქმეში არსებობს გარემოებები, რომლებიც არასდროს შესწავლილა. ამ გარემოებების გამო კვიციანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, ირაკლი ოქრუაშვილის, ქიბარ ხალვაშის და ვინმე გოგავას დაკითხვას ვითხოვთ“,- აღნიშნული განცხადება ემზარ კვიციანის ადვოკატმა ლექსო კობაიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
კობაიძის ინფორმაციით, კოდორის ხეობასთან და კვიციანთან მიმართებაში საქმე სწორედ ქიბარ ხალვაშის სახლში დაიგეგმა.
ადვოკატის თქმით, კვიციანის საქმე მთლიანად შეკერილი და შეთითხნილია, სასამართლო კი მხოლოდ სასურველ მოწმეთა ჩვენებებზე აპელირებს.
„კვიციანის საქმესთან მიმართებაში ტენდენციურობა შეინიშნება. სასამართლო მხოლოდ სასურველ მოწმეთა შეთითხნილ ჩვენებებზე აპელირებს. პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ და იმედს ვიტოვებთ, მტკიცებულებათა საფუძველზე იმსჯელებს სასამართლო და ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს. საქმეში არსებობს გარემოებები, რომლებიც შესწავლილი არასდროს ყოფილა. ამ საქმეზე უნდა დაიკითხონ: სააკაშვილი, მერაბიშვილი, ოქრუაშვილი, ქიბარ ხალვაში და ვინმე გოგავა. ჩემ მიერ ნახსენები პირები შეკრებილები იყვნენ ქიბარ ხალვაშის სახლში, სადაც დაიგეგმა კოდორის მოვლენები. აუცილებელია ამ საკითხზე ყველა მათგანის დაკითხვა. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური საქმე,რომელზეც თუ აქ ვერ ვიპოვით სიმართლეს, საქმე სტრასბურგამდე მივა“, – განაცხადა ემზარ კვიციანის ადვოკატმა ლექსო კობაიძემ.
შეგახსენებთ, რომ ემზარ კვიციანი ზუგდიდის სასამართლომ დამნაშავედ ცნო უკანონო გასამხედროებული ჯგუფის შექმნასა და 2006 წელს კოდორის ხეობაში ამბოხის მოწყობაში და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები