„ემზარი უდანაშაულოა, თუ სასამართლომ გადაწყვეტილება არ შეცვალა, უკიდურეს ზომებს მივმართავ“
ემზარ კვიციანის ოჯახმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილება, რომლის თანახმადაც ემზარ კვიციანს თავისუფლების 12 წლით აღკვეთა მიესაჯა, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა,- ამის შესახებ ემზარ კვიციანის დამ ნორა კვიციანმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა. კვიციანის ოჯახი სასამართლოს ჩანიშვნას ელოდება.
როგორც ნორა კვიციანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ემზარ კვიციანს სასჯელი 2006 წელს გამოძიებული საქმისა და კრიმინალური ხელისუფლების მიერ შეთითხნილი ბრალდებების საფუძველზე მიესაჯა.
კვიციანის განცხადებით, მისი ძმის საქმეში პოლიტიკური კვალი იკვეთება.
„ველოდებით პროცესის ჩანიშვნას და იმედს ვიტოვებ, რომ სასამართლო ობიექტურ განაჩენს გამოიტანს.სამშობლის სიყვარულისთვის და დაცვისთვის მე თითქმის 7 წელი გავატარე ციხეში, ემზარს 12 მიუსაჯეს, ჩემს შვილს კი ფაქტობრივად აღარ დაედგომება ქვეყანაში… მე მდიდარი ვარ იმით, რომ მთელი საქართველო ჩემს გვერდით დგას. ყველამ იცის, რომ ეს საქმე შეთითხნილია საქართველოს ყოფილი, კრიმინალური ხელისუფლების მიერ, თუმცა ახლაც ემზარს სასჯელი წინა ხელისუფლების დროს ჩატარებული გამოძიების მიხედვით მიუსაჯეს. გენერალი და პარლამენტის 32 დეპუტატი უდგებოდა თავდებში ემზარს, მაგრამ პროკურატურამ ეს არ გაითვალისწინა, იმიტომ რომ საქმე პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.ეს არის პოლიტიკური საქმე. ამიტომ თუ სასამართლომ ის არ გაამართლა და გადაწყვეტილება არ შეცვალა, უკიდურეს ზომებს მივმართავ “,- განაცხადა ნორა კვიციანმა.
შეგახსენებთ, რომ ემზარ კვიციანი ზუგდიდის სასამართლომ დამნაშავედ ცნო უკანონო გასამხედროებული ჯგუფის შექმნასა და 2006 წელს კოდორის ხეობაში ამბოხის მოწყობაში და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.