სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო
სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო. სახელმწიფოს მეთაურმა პირველი შეხვედრა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ელმარ ბროკთან გამართა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის მნიშვნელობასა და შემდგომ გეგმებზე ისაუბრეს. ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კვლავაც გაგრძელდება და ამ დოკუმენტის რატიფიკაციის შემდგომ ქვეყანამ უნდა მიიღოს ხელშესახები შედეგები, რაც აისახება კიდეც თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე.
საქართველოს პრეზიდენტმა ელმარ ბროკს მადლობა გადაუხადა გამოჩენილი მხარდაჭერისთვის როგორც საქართველოს მისწრაფებების, ისე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
შეხვედრას, რომელიც სამუშაო რეჟიმის ფორმატით გაიმართა, ესწრებოდნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, ევროკავშირში საქართველოს საგარეო წარმომადგენელი ნატალია საბანიძე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტის მრჩევლები. გიორგი მარგველაშვილი დღეს ევროპარლამენტის სესიას დაესწრება, რომელზეც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია მოხდება. ქვეყნის პირველი პირი დღესვე ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს რიჩარდ ჩარნეცკისა და ევროპარლამენტის მომხსენებელს საქართველოს თემაზე ანდრეს მამიკინსს შეხვდება. საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში პრესკონფერენციასაც გამართავს და ქართული და უცხოური მედიის შეკითხვებს უპასუხებს.