“კულტურის მინისტრი პატრიარქს აუხსნის, საყდრისთან დაკავშირებით რა პროცესებთან გვაქვს საქმე“

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით პატრიარქის განცხადებას გამოეხმაურა.
ნიკა ანთიძის განცხადებით, პროცესი კანონის სრული დაცვით ვითარდება, კულტურის მინისტრი პირადად შეხვდება პატრიარქს და აუხსნის, თუ რა პროცესებთან გვაქვს საქმე.
„პატრიარქის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ვინც უნებართვოდ აწარმოებს სამუშაოებს, ვინც კი ძეგლს დააზიანებს, ყველა დაისჯება. საყდრისი – ყაჩაღიანის შემთხვევაში, ეს ცოტა სხვაგვარად არის, აქ ყველაფერი კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა. ბატონი მინისტრი უწმინდესობას შეხვდება და აუხსნის, თუ რა პროცესებთან გვაქვს საქმე“,- განაცხადა ნიკა ანთიძემ.
ანთიძის თქმით, სააგენტომ საყდრისთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
„ძეგლთა დაცვა არის მოწოდების სიმაღლეზე. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან კეთილშობილ და კარგ საქმეს ვემსახურებით და სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ“.
შეგახსენებთ, რომ “არემჯის” მიერ საყდრისის საბადოზე მოპოვებითი სამუშაოების განახლებას საქართველოს საპატრიარქო განცხადებით ეხმაურება.
საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საპატრიარქო მაღაროში აფეთქებებს და ძეგლისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის ჩამორთმევას სახელმწიფოებრივი აზროვნების წინააღმდეგ გაკეთებულ ყოვლად გაუმართლებელ ქმედებად მიიჩნევს. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიას, რომელსაც აქვე აქვს სხვა დიდი ტერიტორიები ოქროს მოპოვებისათვის, საქვეყნო ინტერესებიდან გამომდინარე, როგორმე უნდა მოეხერხებინა ალტერნატიული გზების გამოძებნა.
„კვირა“ საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
,,კომპანია ,,RMG GOLD“- ის მიერ საყდრისის ოქროს მაღაროს მოულოდნელი აფეთქების ფაქტმა საერთო დიდი შეშფოთება გამოიწვია.
როდესაც მეცნიერები, დარგის სპეციალისტების დიდი ნაწილი, სამოქალაქო საზოგადოება… ეწინააღმდეგებოდნენ მის დანგრევას, როცა საერთაშორისო ექსპერტებმაც ეს სივრცე კულტურის ძეგლად აღიარეს (რომ აღარაფერი ვთქვათ მის მსოფლიო მნიშვნელობაზე), – გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა მის დანგრევაზე ნებართვა გაეცა კულტურის სამინისტროს.
თუ საყდრისი არ უნდა ყოფილიყო დაცვის ობიექტი, მაშინ შესაბამის სტრუქტურებს უნდა ჩაეტარებინათ ახსნა-განმარტებითი საუბრები, რომ ხალხი დაერწმუნებინათ თავის სიმართლეში და შემდეგ განეხორციელებინათ ნებართვის გაცემაც და აფეთქებებიც.
არასწორად მიგვაჩნია საყდრისის ერთი ბორცვის (კვლევის სფერო 1 ჰა) აუთვისებლობის მიზეზით ,,RMG GOLD“-ში დასაქმებული მოქალაქეებისთვის ფინანსური პრობლემების შექმნაც, რაც, ფაქტობრივად, ჩვენთვის ცნობილი მთავარი მიზეზი გახდა საყდრისის იავარქმნისა.
ამ ადგილის თაობაზე შეფასებები საბოლოოდ დამტკიცებული რომც არ ყოფილიყო, კომპანიას, რომელსაც აქვე აქვს სხვა დიდი ტერიტორიები ოქროს მოპოვებისათვის, საქვეყნო ინტერესებიდან გამომდინარე, როგორმე უნდა მოეხერხებინა ალტერნატიული გზების გამოძებნა, რათა ხალხი უხელფასოდ არ დარჩენილიყო და, სხვა თუ არაფერი, თავისი თავისთვისაც პრობლემები არ შეექმნა.
დღეს კი შედეგად გვაქვს სახელმწიფოებრივი აზროვნების წინააღმდეგ გაკეთებული ყოვლად გაუმართლებელი ქმედება. საქართველოს ეკლესია გამოთქვამს დიდ წუხილსა და გულისტკივილს მომხდარის გამო“, – ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს პატრიარქი საყდრისის საბადოზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ილია მეორემ განცხადება საკვირაო ქადაგებისას გააკეთა. პატრიარქის განცხადებით, ამ დღეებში საყდრისში მოხდა აფეთქება და საქართველოს ეკლესია გმობს ამ აქტს და იმ ადამიანებს, ვინც ეს ჩაიდინა. პატრიარქი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ამ აქტის ჩამდენმა სათანადო სასჯელი მიიღოს. “საყდრისთან დაკავშირებით არსებობს პრობლემა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საყდრისი. ამას ამბობენ მეცნიერები, რომ ეს არის უძველესი ოქროს საბადო საქართველოში. ამ დღეებში მოხდა აფეთქება და საქართველოს ეკლესია გმობს ამ აქტს. ჩვენ ვგმობთ ამ აქტს და იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს აფეთქება მოაწყეს. ჩვენ ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ გამოძიებული იყოს, რათა დადგინდეს აქტის ჩამდენი და სათანადო სასჯელი მიიღოს”, – განაცხადა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები