საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს შეხვდა

გაეროში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა პოლიტიკურ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს, იენს ტოიბერგ-ფრანცენს შეხვდა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა და მოსკოვსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული ე.წ. “ხელშეკრულება მოკავშირეობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ”.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ე.წ. “ხელშეკრულება” წარმოადგენს საქართველოს რეგიონის ანექსიისკენ გადაგმულ ნაბიჯს, რომელიც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას როგორც საქართველოს ისე რეგიონული მასშტაბით. წარიმართა მსჯელობა რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯის საპასუხოდ საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთრებით გაეროს ეფექტური რეაგირების აუცილებლობისა და შესაბამისი ინსტრუმენტების ამოქმედების თაობაზე.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები გაეროს უშიშროების საბჭოს ამჟამინდელ და მომავალ წევრ სახელმწიფოებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები