დავით ონოფრიშვილი: ალბათ, სოზარ სუბარს კომფორტულად სურს ყოფნა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს სოზარ სუბარს პასუხობს. როგორც დავით ონოფრიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განმარტა, მის მიერ დასახელებული ციფრები, რომელიც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან დაკავშირებით ბიუჯეტის შესრულებაზე დაასახელა, ხაზინის მონაცემებს ეყრდნობა.
“პარლამენტის სესიაზე აღვნიშნე, რომ დევნილთა და განსახლების სამინისტროს საბიუჯეტო ხარჯების შესრულების მხრივ ჩამორჩენა აქვს. ამ მხრივ აღნიშნული სამინისტრო ერთადერთი არ არის, მაგრამ მასზე ყურადღება სწორედ იმიტომ გავამახვილე, რომ მიმდინარეობდა დევნილთა გამოსახლების პროცესი და დავინტერესდი, რა ხდება სამინისტროში, როცა ხალხი საახალწლოდ უნდა გამოასახლონ. როდესაც სოზარ სუბარი ამბობს, რომ თურმე მე ტყუილს ვამბობ, ეს აბსურდია, რადგან პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ოპერირებს ხაზინის ციფრებით. ანუ, თუკი ეს ტყუილია, ეს ყოფილა ფინანსთა სამინისტროს, ან ხაზინის ტყუილი. 11 თვის განმავლობაში შესრულებულია ბიუჯეტის 60%. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაგეგმილი ბიუჯეტი არის 48 მილიონ ლარზე ცოტა მეტი და ხაზინის მონაცემებით, შესრულდა ამის 60%. ამასთან, სამინისტროს ბიუჯეტის დიდი ნაწილის ხარჯებს ჰქვია “განსახლების ადგილებში დევნილთა შენახვა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება”. ეს ერთ-ერთი პრინციპული ხარჯია, რომელიც 11 თვის განმავლობაში ათვისებულია 57%-ის ფარგლებში”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით ონოფრიშვილმა.
დეპუტატმა ასევე ყურადღება გაამახვილა, სუბარის იმ შეფასებაზე, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციური ძალის წარმომადგენელია. როგორც დავით ონოფრიშვილმა განმარტა, პარლამენტის და მისი კომიტეტების ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლია და იქვე აღნიშნა, რომ გერმანიაში, ესპანეთში, იტალიაში, ირლანდიაში, პოლონეთში, პორტუგალიასა და ნორვეგიაში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებს სწორედ ოპოზიციური ძალის წარმომადგენელი ხელმძღვანელობს. “ალბათ, სოზარ სუბარს კომფორტულად სურს ყოფნა”, – აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.
ოკუპირებული ტერიტორებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციონერი არ უნდა იყოს.
ამის შესახებ სოზარ სუბარმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლის, დავით ონოფრიშილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, დევნილთა სამინისტროს თანხების ხარჯვის პრობლემა აქვს. სოზარ სუბარმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები