დავით ბაქრაძე საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იუვალ ფუქსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა – ამის შესახებ ინფორმაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრმა ელჩს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვან ასპექტებზე, კერძოდ, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირებისა და მისივე შემადგენელი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობის, ევროკავშირთან საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაციისა და ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ. დავით ბაქრაძემ საქართველოს ევროპეიზაციის პროცესში ამ მექანიზმების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების საკითხს და აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმებებისა და საერთო პროექტების განხორციელების უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში გააქტიურებული პროცესი, ხაზი გაესვა ხალხთა შორის კონტაქტების ეფექტიანად გამოყენებისა და გაღრმავების მნიშვნელობას.
რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას, ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერასთან და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან შესაძლო ხელმოწერასთან დაკავშირებით არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში. აღინიშნა საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების მნიშვნელობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები