ტრაგედია, რომელსაც ექსპრეზიდენტს უკავშირებენ – „სააკაშვილის ახირებას დედა-შვილის სიცოცხლე შეეწირა“
გაზეთი „პრაიმტაიმი“ ხუთი წლის წინ ქუთაისში ავტოქარხნის დასახლებაში გამარჯვების მემორიალის აფეთქების დროს დედა-შვილის დაღუპვის ამბავს იხსენებს. გამოცემა გარდაცვლილი 10 წლის ბავშვის მამის ინტერვიუს აქვეყნებს. როგორც სოსო ჯინჭარაძე აცხადებს, მომხდარი ფაქტის გამო ყველაზე ქვედა რგოლიდან, მემოიალის აფეთქებაში უშუალოდ მონაწილე პირები დაისაჯნენ. ჯინჭარაძე მიიჩნევს, რომ უნდა დასჯილიყო ის, ვინც მემორიალის აფეთქება დააჩქარა. მისი თქმით, განსასჯელები ამბობდნენ, რომ უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფისთვის მათ კიდევ სამი დღე სჭირდებოდათ, თუმცა ეს სამი დღე არ ადროვეს.
„მე როგორც ვიცი, ყველაზე ქვედა რგოლიდან დასაჯეს, მგონი, სამი კაცი. ერთი წლითა და წელიწადნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მაქსიმუმი ორი წელი იყო. ესენი იყვნენ ადამიანები, ვინც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ მემოიალის აფეთქებაში. სასამართლო პროცესს მხოლოდ ერთხელ დავესწარი. განსასჯელები ამბობდნენ, სასწრაფო დემონტაჟის ბრძანება მივიღეთ და დროის ამ მცირე მონაკვეთში ჩვენ ვერ მოვახერხებდით უსაფრთხოების ყველა წესის დაცვასო. იქ რაც მოხდა, დაახლოებით ვიცით, მაგრამ ამის დევნის თავი ფიზიკურად არ მქონდა. უნდა დასჯილიყო ის, ვინც მემრიალის აფეთქება დააჩქარა. ის განსასჯელები ამბობდნენ, უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფისთვის ჩვენ კიდევ სამი დღე გვჭირდებოდაო. ის სამი დღე არ დააცადეს“, – იხსენებს სოსო ჯინჭარაძე.
მომხდარის შედეგად ორი დაღუპული ადამიანის ოჯახის წევრი მემორიალის აფეთქებამდე პოლიციის მიერ მიცემული მითითებების შესახებაც საუბრობს.
„ჩემები მაშინ სახლში იყვნენ. ჩემი ცოლი ბავშვს საჭმელს აჭმევდა. პოლიციამ ისინი სახლიდან გამოიყვანა და ეზოში დააყენა. სახლი თუ იყო საშიში, ეზოში დგომა არ იყო საშიში? მერე სხვა კუდები მოაბეს ამას, თითქოს თვითონ მოსახლეობა არ გავიდაო. ხომ იცით, როგორც წესი, დაბალზე ტყდება ჯოხი ყოველთვის. პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხი გამოძიებას არ დაუყენებია. არადა, ზუსტად პოლიციელებმა გამოიყვანეს. სახლში რომ დარჩენილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა. პოლიციელებს მათი ტერიტორიიდან გაყვანა რომ ნდომებოდათ, ვინ აღუდგებოდათ წინ?“, – ამბობს ჯინჭარაძე.
მისივე თქმით, მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიმდინარე სამუშაოების შესახებ უფრო მეტად იყო ინფორმირებული, ვიდერე გუბერნატორი, რომელიც მან მომხდარის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლა.
„გუბერნატორზე მეტად თვითონ იყო ყველაფრის საქმის კურსში…ბრძანება ვინ გასცა დემონტაჟის დაჩქარებაზე, ეს მე არ ვიცი, ვინ მეტყვის ამას? მაგრამ ვისაც არ უნდა გაეცა ეს ბრძანება, ზუსტად ის უნდა დასჯილიყო, რადგან, დაგეგმილ დროში რომ მომხდარიყო აფეთქება, მოესწრებოდა მიწაყრილების გაკეთება საცხოვრებელი სახლების მხარეს და ეს ამბავიც არ მოხდებოდა“, – ამბობს დაღუპული ბავშვის მამა და ასევე დაღუპული ქალის მეუღლე.
„პრაიმტაიმი“ პარტია „ქრიტიან-დემოკრატების” წევრის გიორგი ახვლედიანს ინტერვიუსაც აქვეყნებს, სადაც ის ტრაგიკულ ისტორიას და მის სამართლებრივ გაგრძელებას აფასებს.
მისი თქმით, დედა-შვილის სიცოცხლე შეეწირა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ახირებას, რომ პარლამენტი ქუთაისში უნდა აშენებულიყო.
– როცა ეს ტრაგედია მოხდა, ბათუმში გვქონდა შეხვედრა. მაშინვე წამოვედით და მივედით იმ ოჯახში… ჩვენ თავიდანვე ვეწინააღმდეგებოდით ქუთაისში პარლამენტის გადმოტანას. ხელისუფლება ამბობდა, რომ ამ პროცესით განვითარდებოდა ქუთაისი. თუმცა, ჩვენ სხვა პროექტს ვთავაზობდით, თუნდაც ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად გადაქცევას, რაც გაცილებით მეტ სიკეთეს მოუტანდა ამ ქალაქს. თუმცა, სააკაშვილის ამ ახირების მთავარი და რეალური მიზეზი რეგიონის განვითარება კი არ იყო, არამედ ის, რომ ის დაიღალა თბილისში ოპოზიციის აქციებით პარლამენტის შენობასთან. თვლიდა, რომ სწორედ ამას აერიდებოდა პარლამენტის ქუთაისში გადატანით. აი, ამ ახირებას შეეწირა 350 მილიონი ლარი და დედა-შვილის სიცოცხლე. სიმართლე გითხრათ, როცა ეს საშინელი ტრაგედია მოხდა, იმედი გვქონდა, რომ ხელისუფლება ამის შემდეგ მაინც მოეგებოდა გონს და მიხვდებოდა თავის არასწორ პოლიტიკას. თუმცა, მსგავსი არაფერი მომხდარა. პირიქით, გაათმაგებული ძალით შეუდგნენ ამ იდეის განხორციელებას…
– ალბათ, ამიტომაც ამბობდა კაკო ბობოხიძე – პარლამენტის ქუთაისში გადატანას ვერაფერი შეაჩერებსო…
– მეტსაც გეტყვით. ეს იდეა სწორედ აკაკი ბობოხიძის სახლში დაიბადა, როცა ქუთაისს სტუმრობდა სააკაშვილი. ბობოხიძის სახლში სუფრასთან, მათ გარდა, რამდენიმე „ნაციონალი“ გოგონაც იმყოფებოდა. ქუთაისი პატარა ქალაქია და ასეთი ამბები არ იმალება. სწორედ ნასვამ მდგომარეობაში მყოფებმა გადაწყვიტეს, რომ კარგი იქნებოდა, თუ ამ ქალაქში გადაიტანდნენ პარლამენტს. აი, ეს იყო მთელი მოტივაცია სააკაშვილისთვის. სხვა არაფერი. ამისთვის გამოყვეს 350 მილიონი ლარი. ამის გარდა, მთავრობისა და პარლამენტის ურთიერთკომუნიკაცია თვეში დაახლოებით 10 მილიონი ჯდებოდა. ეს კი ხდებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილს უნდოდა თბილისიდან ეს საპროტესტო მუხტი გაეტანა…
– თუ გახსოვთ ტრაგედიის კონკრეტული დეტალები. ამბობენ, რომ მემორიალის დემონტაჟი დაჩქარდა იმიტომ, რომ დაგეგმილ დროს, სააკაშვილისა და სტალინის დაბადების დღეს, 21 დეკემბერს, არასამთავრობოები მემორიალთან ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას აპირებდნენ. სწორედ ამიტომაც დაჩქარდა პროცესი და დემონტაჟი მოხდა სამი დღით ადრე, რის გამოც უსაფრთხოების წესების სრულად დაცვა ვერ მოხერხდა…
– ამ ვერსიის გარდა, სხვაც იყო: სააკაშვილს ჩაფიქრებული ჰქონდა, რომ ამ მემორიალის აფეთქებით სიმბოლურად აეფეთქებინა საბჭოური, რუსული წარსული… ეს ხომ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი იყო… კარგად მახსოვს, როდესაც აფეთქების დროს დედა-შვილი დაიღუპა, „ნაციონალური მოძრაობის” წევრები პარლამენტში თავს იმართლებდნენ, აფეთქება კი არ გვინდოდა, მემორიალის აგურ-აგურ დაშლას ვემხრობოდითო… ამას, ალბათ, მეტი დრო სჭირდებოდა. სააკაშვილს კი საგარეო კურსის ასეთი სახით დემონსტრირება ძალიან ეჩქარებოდა… ამ მისწრაფებას შეწირული პატარა ბავშვის სიცოცხლემაც ვერ გადააფიქრებინა სააკაშვილს თავისი ახირების განხორციელება. არადა, მახსოვს ის საშინელი კადრები. ეს გოგონა საკუთარი სახლის ეზოდან თვითონ იღებდა აფეთქების პროცესს. იმ კადრებში კი ჩანს, როგორ ხვდება მობილურს შავი მასა… ეს შემზარავი რამ იყო. მხოლოდ 6 თვე ახსოვდა ქვეყანას ეს ტრაგედია. ხელისუფლებისთვის პასუხის მომთხოვნი ვინ იყო?
– პასუხი აგეს კონკრეტულად „ამფეთქებლებმა”… სულ ცოტა, მორალური პასუხისმგებლობა ხელისუფლებას არ უნდა აეღო?
– ბუნებრივია, უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის უნდა ეგოთ პასუხი კონკრეტულ პირებს. თუმცა იმის იქით გამოძიება არ წავიდოდა. მემორიალის დემონტაჟის დროს ჩადენილი დანაშაული ისევეა იმ ხელისუფლების კისერზე, როგორც 26 მაისის, 7 ნოემბრის, გირგვლიანის, რობაქიძისა და სხვათა საქმეები. ისინი რომ ამ საქმეებს არ გამოიძიებდნენ, ცხადი იყო. საკუთარ დანაშაულს არავინ გამოავლენდა. მაგრამ რასაკვირველია, ეს რომ არ ხდება ახალი ხელისუფლების პრობებში. ეს ხომ ერთ-ერთი ის საქმე იყო, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენდა?!
შეგახსენებთ, რომ 2009 წელის 19 დეკემბერს, დაახლოებით 16.00 საათზე, ქუთაისში, ავტოქტარხნის დასახლებაში მერაბ ბერძენიშვილის მიერ შექმნილი გამარჯვების მემორიალი ააფეთქეს. ქალაქში მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. მოგვიანებით დადასტურდა, რომ ადგილზე დაიღუპა მცირეწლოვანი ნინო ჯინჭარაძე, ხოლო მოგვიანებით საავადმყოფოში დედამისი – ეკა ცუცხვაშვილი.