აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ორი ოცეული გაემგზავრება
„საქართველოს პარლამენტმა მისცა ნებართვა საქართველოს პრეზიდენტს, აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში ქართული კონტინგენტი გააგზავნოს“,- აღნიშნული განცხადება პარლამენტის დეპუტატმა „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა ირაკლი ჩიქოვანმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
„ ეს არის იმ მისიის დასრულების ეტაპი, რომელიც საქართველომ აიღო ერთი წლის წინ. ჩვენი მონაწილეობა ამ მისიაში გაგრძელდება მხოლოდ 2 ოცეულის დონეზე. ქართული კონტინგენტი საქართველოში გაზაფხულზე დაბრუნდება“,- განაცადა ირაკლი ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, რომ „ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ოპერაცია EUFOR RCA-ში მონაწილეობის მიღების მიზნით საქართველოს შეიარაღებული ძალების ორი ოცეულის გაგზავნის შესახებ“ საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის 2014 წლის 2 დეკემბრის N22 ბრძანება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინა იმერლიშვილმა გააცნო.
„მისიის ხელმძღვანელობამ, საფრანგეთის სახით, ევროკავშირმა მოგვმართა თხოვნით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ორ ოცეულს 2015 წლის აპრილამდე გაუგრძელდეს ვადა“, – განაცხადა ირინა იმერლიშვილმა. მისივე თქმით, მისია 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით უდანაკარგოდ ასრულებს თავის მოვალეობას, ადგილობრივი მოსახლეობა საკმაოდ დადებითადაა განწყობილი ქართველი ჯარისკაცების მიმართ. იმერლიშვილის ინფორმაციით, ქართველ ჯარისკაცებს ქალაქ ბანგის აეროპორტის დაცვა და კონტროლი ევალებათ. „ცენტრალურ აფრიკაში მალარიის პრობლემაა, თუმცა ყველა ჯარისკაცს უტარდება ვაქცინაცია. ებოლას ინფექციას ადგილი არ ჰქონია, თუმცა ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუ ებოლას ერთი შემთხვევა მაინც იქნება გამოვლენილი, ჩვენი ჯარისკაცების სრული ევაკუაცია მოხდება“,- განმარტა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა.