საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ნატოს წევრობის გარეშე აშშ-ის მთავარი მოკავშირის სტატუსს ვერ მიიღებენ
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის აღარ არის გათვალისწინებული ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან აშშ-ის მთავარი მოკავშირეების სტატუსის მინიჭება, რასაც აშშ-ში მომზადებული კანონპროექტი „უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის აქტი“ითვალისწინებდა.
“რადიო თავისუფლების” ცნობით, კანონპროექტს 11 დეკემბერს დაუჭირა მხარი შეერთებული შტატების სენატმა, მაგრამ მას შემდეგ ტექსტი შეიცვალა. 12 დეკემბერს სენატმა დაამტკიცა და ხელმოსაწერად პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადაუგზავნა კანონპროექტი, რომელშიც აღარ არის საუბარი სამი პოსტსაბჭოთა ქვეყნის – მათ შორის, საქართველოს – განსაკუთრებულ სტატუსზე, ანუ, როგორც უკვე ვთქვით, მათ გამოცხადებაზე ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან აშშ-ის მთავარ მოკავშირეებად. თუმცა სენატში დამტკიცებული კანონპროექტი ითვალისწინებს თანამშრომლობისა და ფინანსური მხარდაჭერის სხვა ფორმებს.
აშშ-ის სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი კანონპროექტს უკრაინისათვის ლეტალური სამხედრო დახმარების მიწოდებისა და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ, რის შემდეგაც კანონპროექტი ხელმოსაწერად გაეგზავნა პრეზიდენტ ბარაკ ობამას.
ინფორმაციით, რომელსაც ამერიკული ინტერნეტგამოცემა „კიუბიკ ლეინი“ ავრცელებს, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს გამოცხადება ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან აშშ-ის მთავარ მოკავშირეებად კანონპროექტიდან ამოღებულ იქნა თეთრი სახლის მოთხოვნით. თეთრი სახლის ადმინისტრაციის განმარტებით, ეს პრივილეგირებული სტატუსი კიევს ახალს ვერაფერს შესძენდა. ამ თემას რადიო თავისუფლება მომდევნო დღეებში დაუბრუნდება. თეთრი სახლის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლის განცხადებით, უკვე დაწყებულია კონგრესში დამტკიცებული კანონპროექტის განხილვა. რუსეთის წინააღმდეგ კონგრესის მიერ ახალი სანქციების მოთხოვნასთან დაკავშირებით ამ ოფიციალურმა პირმა განმარტა, რომ სანქციების საკითხში მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა მოკავშირეებსა და პარტნიორებთან საერთო პოზიციის შესანარჩუნებლად, რუსეთისთვის დანაკარგის ოპტიმიზაციისა და ამერიკული ბიზნესის, ნავთობის ბაზრებისა და გლობალური ეკონომიკის დანაკარგის მინიმიზაციის დასაცავად. ოფიციალური პირის განმარტებით, თეთრ სახლში იმსჯელებენ იმაზე, თუ რამდენად არის შესაძლებელი ამ მნიშვნელოვანი მიდგომის შენარჩუნება ახალი კანონპროექტით.
ვარაუდობენ, რომ უკრაინის შესახებ კანონპროექტი დავას გამოიწვევს კონგრესსა და პრეზიდენტს შორის. ის უფრო მკაცრი პასუხია უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე, ვიდრე ზომები, რომლებსაც ვაშინგტონი ახლა მიმართავს. თუმცა პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, არ დაამტკიცოს კანონპროექტით გათვალისწინებული ბევრი ზომა.
აქამდე თეთრი სახლი უარს ამბობდა უკრაინისათვის ლეტალური სამხედრო დახმარების მიწოდებაზე, მაშინ, როცა ახალი კანონპროექტი დაშვებულად აცხადებს 350 მლნ დოლარის ღირებულების თავდაცვითი აღჭურვილობის მიწოდებას უკრაინის შეიარაღებული ძალებისათვის. დახმარება გულისხმობს, მაგალითად, ტანკსაწინააღმდეგო იარაღისა და სადაზვერვო უპილოტო თვითმფრინავების გაგზავნას.
აღმოსავლეთ უკრაინაში 4 600-ზე მეტი ადამიანია დაღუპული მას შემდეგ, რაც აპრილში დაიწყო კონფლიქტი მთავრობის ჯარებსა და რუსეთის მომხრე სეპარატისტებს შორის. კიევი და ნატო მოსკოვს ადანაშაულებენ სეპარატისტების სამხედრო დახმარებაში. სენატში დამტკიცებული ახალი კანონპროექტით, ასევე მხარდაჭერილია ახალი სანქციები რუსეთის თავდაცვისა და ენერგეტიკის სექტორების წინააღმდეგ. ობამას მოუწოდებენ, სანქციები გაამკაცროს იარაღის მწარმოებლებისათვის, რომლებიც იარაღს გზავნიან სირიაში, უკრაინაში, მოლდავეთსა და საქართველოში და ამით, ამერიკელი კანონმდებლების აზრით, ხელს უწყობენ დესტაბილიზაციას ამ ქვეყნებში.
ამავე კანონპროექტით, „უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის აქტით“, გათვალისწინებულია 50 მლნ დოლარის მიწოდება უკრაინაში ენერგომომარაგების ხელშესაწყობად, წლიურად 20 მლნ დოლარისა – რუსეთში დემოკრატიისა და სამოქალაქო სექტორის გასაძლიერებლად. და არის რეკომენდაცია, რომელიც ჩვენს რადიოს ეხება: კონგრესი მიზანშეწონილად მიიჩნევს, დამატებით 10 მლნ დოლარი გამოიყოს რადიო „თავისუფლებისა“ და „ამერიკის ხმისათვის“ უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში მაუწყებლობის გასააქტიურებლად, რუსეთიდან მომდინარე პროპაგანდასთან დაპირისპირების მიზნით.
წყარო: www.radiotavisupleba.ge