რინკევიჩი: თქვენს მხარდასაჭერად ყველაფერს გავაკეთებთ

აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყნები ხართ და თქვენს მხარდასაჭერად ყველაფერს გავაკეთებთ, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეგდარს რინკევიჩმა განაცხადა.
რინკევიჩი ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციასთან დაკავშირებით ვერანაირ დაბრკოლებას ვერ ხედავს. მისი თქმით, საქართველოს აქვს პერსპექტივა, რომ ევროკავშირთან უფრო ახლოს იყოს.
“ვიმედოვნებ, რომ ევროპარლამენტი მოახდენს შეთანხმების რატიფიკაციას, რადგან ამ მხრივ ვერანაირ დაბრკოლებას ვერ ვხედავ. ჩვენ წინ მივიწევთ ასოცირების შეთანხმების სრულ განხორციელებაში. მჯერა, რომ საქართველომ რეფორმების კუთხით უზარმაზარ პროგრესს მიაღწია, მაგრამ ეს დასაწყისია და არა დასასრული. ყველა რეფორმის გასატარებლად სერიოზული დროა საჭირო. შესაძლოა, რიგის სამიტზე არა, თუმცა საქართველოს აქვს პერსპექტივა, რომ ევროკავშირთან უფრო ახლოს იყოს. რა თქმა უნდა, ბევრ საკითხზე გვაქვს დისკუსია საქართველოს მთავრობასთან, სასამართლოს თემასა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების ზოგიერთ ასპექტზე, თუმცა საქართველო და მოლდოვა აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყნები არიან და თქვენს მხარდასაჭერად ყველაფერს გავაკეთებთ”, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება ევროპარლამენტში 18 დეკემბერს არის დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები