გიორგი მარგველაშვილმა თურქმენეთში ვიზიტი დაასრულა
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დასრულდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი აშხაბადში თურქმენ კოლეგას პირისპირ შეხვდა და გურბანგული ბერდიმუჰამედოვი საქართველოში საპასუხო ვიზიტით მოიწვია. ქართულმა და თურქმენულმა მხარეებმა ერთობლივ დოკუმენტებსაც მოაწერეს ხელი და თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
“ეს იყო ძალზე მნიშვნელოვანი ვიზიტი, რადგან ამით კიდევ უფრო განვამტკიცეთ ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის. მნიშვნელოვანი იყო ის ხედვა, რომელიც აქვს როგორც თურქმენეთის ხელმძღვანელობას, ისე საქართველოს – ხედვა, რომელიც ევრაზიის რეგიონში თანამშრომლობის და ეკონომიკური განვითარების პოტენციალს მოიცავს. ჩვენ ვილაპარაკოთ იმ უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო ფუნქციაზე, რომელიც აქვს საქართველოს, როგორც კასპიის ზღვის ქვეყნებისა და შავი ზღვის ქვეყნების დამაკავშირებელ ქვეყანას. ჩვენ დავინახეთ, რომ კასპიის რეგიონთან მიმართებაში ანალოგიური ხედვით გამოირჩევა თურქმენეთის ხელმძღვანელობაც, რომელიც ძალზე ინტენსიურად ავითარებს საკომუნიკაციო შესაძლებლობებს ქვეყანაში და კასპიის ზღვაზე. ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნეთ ის, რომ პატივს ვცემთ ერთმანეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვისაუბრეთ იმ კულტურული, პიროვნული საგანმანათლებლო კავშირების გაღრმავებაზე, რომელიც არის ჩვენს ქვეყნებს შორის. ბუნებრივია, ამ ვიზიტით და იმ ოთხი ხელშეკრულებით, რომელსაც აქ მოეწერა ხელი, გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი და მივეცით კიდევ ერთი იმპულსი ქართულ-თურქმენულ ურთიერთობას. მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი დათანხმდა საქართველოში ჩამოსვლას”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
დღის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად “ოგუზხანის” სასახლეში ოფიციალური ვახშამი გაიმართა, რომელზეც ორი ქვეყნის ლიდერებმა ოფიციალური სადღეგრძელოები წარმოთქვეს.
საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ქართული დელეგაციის შემადგენლობაში ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტის მრჩევლები – გიორგი აბაშიშვილი და თენგიზ ფხალაძე შედიოდნენ. ქვეყნის პირველი პირი საქართველოში დელეგაციის წევრებთან ერთად დღეს დაბრუნდება.