დავით ნარმანია ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს შეხვდა
თბილისის მერი დავით ნარმანია ევროკავშირის ელჩს საქართველოში, იანოშ ჰერმანს შეხვდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო, საუბარი სხვადასხვა სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს შეეხო.
დავით ნარმანიას განცხადებით, ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება თვითმმართველობის განვითარების მიმართულებით.
შეხვედრაზე ევროკავშირის ინიციატივა – „მერების შეთანხმება“ განიხილეს, რომელიც 2020 წლისთვის CO2-ის ემისიების 20%-ით შემცირებას და ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. იანოშ ჰერმანის განცხადებით, ამ კუთხით ევროკავშირი თბილისის მერიას მხარს უჭერს და საჭიროების შემთხვევაში დაეხმარება.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ევროკავშირი ასევე მხარს უჭერს დედაქალაქის ხელმძღვანელობას, ჩაატაროს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა თბილისში ტრანსპორტის, ეკოლოგიის, ასევე ინფრასტრუქტურული მიმართულებით არსებული საჭიროებების გამოსავლენად.