ვალერი გელაშვილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს – რა ცვლილებებს გეგმავს დეპუტატი ფედერაციაში?

  საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ვალერი გელაშვილი, რომელიც ჭიდაობის ფედერაციაში ბოლო ორი წლის განმავლობაში ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა ჭიდოაბის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. როგორც გელაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, რეგისტრაციისთვის შესაბამისი განაცხადის შეტანას 20 დეკემბრამდე გეგმავს.
გელაშვილი ფიქრობს,რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის ლუკა კურტანიძის მიერ დაშვებული შეცდომების პოლიტიზება მოახდინა და ფედერაციის შიგნით დაპირისპირება გამოიწვია. დეპუტატის თქმით, ის გამარჯვების შემთხვევაში ამ დაძაბულობის აღმოფხვრასაც შეეცდება.
“ჩემი გამარჯვების შემთხვევაში თუ რაიმე სახის ცვლილებები მოხდება, ეს არ იქნება მხოლოდ ჩემი ერთპიროვნული გადაწყვეტილება. პრეზიდიუმთან, მოჭიდავეებთან ერთად ვიმსჯელებ რა შეიძლება გაკეთდეს ვითარების უკეთესობისკენ შესაცვლელად“, – განუცხადა „კვირას“ ვალერი გელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ლუკა კურტანიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმმა დაკავებული თანამდებობიდან პირველ დეკემბერს გაანთავისუფლა.
ეს გადაწყვეტილება ფალავანთა კლუბში გამართულ პრეზიდიუმის სხდომაზე მიიღეს, სადაც 33 დელეგატიდან კურტანიძის პოსტზე დარჩენას მხარი მხოლოდ 4-მა წევრმა დაუჭირა. პრეზიდიუმის სხდომას საერთო ჯამში, 37 წევრიდან 33 დელეგატი ესწრებოდა.
პრეზიდიუმის დაწყებამდე ლუკა კურტანიძე ჟურნალისტებს შეხვდა და საკუთარი გადაწყვეტილება გააცნო, რომლის მიხედვით თავად პრეზიდენტის უფლებამოსილებას იხსნიდა და პოსტს ვიცე-პრეზიდენტ ედიშერ მაჩაიძეს გადააბარებდა 26 თებერვლამდე, 26 თებერვალს კი პრეზიდენტის საკითხი დღის წესრიგში დაყენების შემთხვევაში რიგგარეშე ყრილობაზე გადაწყდებოდა.
კურტანიძის ამ შეთავაზებას პრეზიდიუმმა მხარი არ დაუჭირა და ხმათა უმრავლესობით ის პრეზიდენტის პოსტიდან გაათავისუფლა. სხდომაზე რიგგარეშე საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის თარიღად 26 დეკემბერი დადგინდა. ამ თარიღამდე ფედერაციას სამკაციანი ჯგუფი უხელმძღვანელებს, რომელშიც რომან რურუა, დიმიტრი გელაშვილი და გიორგი ლომიძე შედიან. სწორედ აღნიშნული სამეული მოამზადებს რიგგარეშე ყრილობას. ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატთა წარდგენის სავარაუდო ვადა 5-20 დეკემბერი იქნება, ყრილობის ჩატარების დრო და ადგილი უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები