ეკა ზღულაძე უკრაინის მოქალაქე გახდა
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე წარდგენილ ეკა ზღულაძეს პრეზიდენტმა პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა. პეტრე პოროშენკოს განცხადებით, ეს ფაქტი უკრაინის სახელმწიფო ინტერესში შედის.
„მე როგორც პრეზიდენტს, თქვენი დიდი იმედი მაქვს. მიმაჩნია, რომ თქვენი უნიკალური როლი სისტემის მართვაში შსს-ს საბჭოთა მოდელს ევროპულ მოდელად აქცევს“, – მიმართა პეტრო პოროშენკომ ეკა ზღულაძეს, რომელიც შს მინისტრის მოადგილის პოსტზეა წარდგენილი.
მან იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა შეძლებს ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების საკითხების მოგვარებას, ასევე შიდა უსაფრთხოების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.
ეკა ზღულაძემ პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობის მინიჭებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იმუშავებს უკრაინისთვის და უკრაინაში.
„ჩემთვის ეს არა საქართველოში მუშაობის გაგრძელებაა, არამედ ახალი ქვეყანა, ახალი პროექტია და ეს იქნება უკრაინის რეფორმა“, – განაცხადა ზღულაძემ.
შეგახსენებთ, რომ ეკა ზღულაძე საქართველოს შსს მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. ასევე ასრულებდა მინისტრის მოვალეობასაც.