პაატა დავითაია მიიჩნევს, რომ ხაჯიმბას განცხადება რუსეთის მთავრობის მესიჯი იყო
“ევროპელი დემოკრატების” ლიდერის პაატა დავითაიას ინფორმაციით, რუსეთი ენგურჰესის ხელში ჩაგდებით დიდი ხანია, დაინტერესებულია და ხაჯიმბას განცხადება ამის სიგნალი იყო.
დავითაიას თქმით, ენგურჰესის პროექტი ყველაზე წარმატებული პროექტია აფხაზების და ქართველების თანამშრომლობის, რაც რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს არ აწყობთ. ის ასევე რუსეთის მიერ ენგურჰესის ხელში ჩაგდების რამდენიმე ვარიანტზე საუბრობს.
“შეიძლება სიტუაციის გართულებაზე მიზნობრივად წავიდნენ, რათა ენგურჰესმა ენერგია არ გამოიმუშაოს და მაგალითად, აფხაზეთს ელექტროენერგია მთლიანად კრასნოდარის მხარემ მიაწოდოს. ამით საქართველოს ენერგეტიკას სერიოზული კრიზისი შეექმნება და ავტომატურად ეს თემა მოლაპარაკებების საგანი გახდება. ჩვენი მთავრობა კი მოლაპარაკებებში ძალიან სუსტია და მხოლოდ დათმობით პოლიტიკას ატარებს. მეორე ვარიანტი უფრო მძაფრია და არ გამოვრიცხავ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის ოკუპაცია მოხდეს, სადაც მართვის პულტია და ფაქტობრივად სრული კონტროლი აიღონ. მერე ქართულ მხარეს არც არაფერს დაეკითხებიან. მოვლენების ასეთი განვითარება მომავალში გამორიცხული არაა და ფაქტობრივად ამის დასაწყისი გააჟღერა ხაჯიმბამ იმიტომ, რომ ხაჯიმბას ნათქვამი “უნდა მოვილაპარაკოთ” სრული აბსურდია. ვერაფერს ვერ მოვილაპარაკებთ იმის გამო, რომ ამაზე წარმატებული შეთანხმება რაც არის ენგურჰესზე, ფაქტობრივად აფხაზებს ელექტროენერგიას უფასოდ ვაძლევთ, ამაზე წარმატებული მიდგომა არ შეიძლება არსებობდეს”, – განაცხადა დავითაიამ.
“ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარის თქმით, მთავრობამ ყველა ეს საფრთხე უნდა გაითვალისწინოს და ამაზე მუშაობა უნდა დაიწყოს.
„აფხაზურ მხარეს ენგურჰესის გააკონტროლების არანაირი პოტენციალი არ გააჩნია. ამ მიმართულებით მათ სპეციალისტებიც კი არ ჰყავთ. ეს არ იყო ხაჯიმბას განცხადება, ეს იყო რუსეთის მთავრობის მესიჯი, რომ ისინი ენგურჰესზე კონტროლის ასაღებად და საქართველოსთვის პრობლემების შექმნაზე მზადყოფნას გამოხატავენ. ენგურჰესის პროექტი, ახლანდელ მდგომარეობაში რაც არის, ყველაზე წარმატებულია აფხაზების და ქართველების თანამშრომლობის, რაც რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს არ აწყობთ”, – განაცხადა დავითაიამ.